სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

2015-06-22 11:00
Featured image

2015 წლის 22 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და განვითარების ოფისის დირექტორმა დანიელა რეიფმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.     აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის `კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.

საია-ს სასამართლო მონიტორინგის პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა. საიამ დღემდე მონიტორინგის შვიდი ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც, ერთიანობაში, მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით. საიას მეშვიდე ანგარიში მოიცავს პერიოდს 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით.  ამ პერიოდში დაკვირვების შედეგად გამოვლენილ იქნა შემდეგი ტენდენციები:
 
• მოსამართლეები უფრო ხშირად უფარდებენ ბრალდებულებს გირაოსა და პატიმრობისაგან განსხვავებული აღკვეთის ღონისძიებებს. კერძოდ, ბრალდებულთა 6%-ს შეეფარდა აღკვეთის ალტერნატიული ღონისძიება, 3% კი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამავე დროს გაზრდილია პატიმრობის შეფარდების თაობაზე განჩინებების დასაბუთებულობის ხარისხი. 
• სასამართლო წინა პერიოდებთან შედარებით უფრო გააქტიურებული ჩანდა და მეტ შემთხვევაში ცდილობდა შეთანხმებული სასჯელის სამართლიანობაში დარწმუნებას. 
• მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში (2011 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით) მეორედ დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ არასამართლიანად მიიჩნია საპროცესო შეთანხმებით დადგენილი სასჯელი და არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. კიდევ უფრო შემცირდა იმ საპროცესო შეთანხმებების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ჯარიმას აკისრებს ბრალდებულს.
• დასრულებული 204 საქმეში (170 – საპროცესო შეთანხმება და 56 – არსებითი განხილვა) ბრალდებულის მიმართ ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.  
• სასამართლოები, როგორც წესი, ეთანხმებოდნენ პროკურატურის შუამდგომლობას მტკიცებულებების წარდგენის შესახებ. დაცვა, ძირითადად, თავს იკავებდა როგორც საკუთარი მტკიცებულების წარდგენის, ისე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნისაგან და, წინა პერიოდებთან შედარებით, ის კიდევ უფრო პასიური ჩანდა.
• მონიტორინგის ბოლო ორი პერიოდისაგან განსხვავებით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ წინა სასამართლო განხილვის ეტაპზე შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა. 
• არაფერი შეცვლილა ჩხრეკისა და ამოღების მიმართულებით. კვლავ არსებობს ეჭვი სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიერ იმ ვალდებულებების შესრულებაში, რომლის მიხედვითაც, მათ არ უნდა ჩაატარონ ან დააკანონონ ისეთი ჩხრეკა და ამოღება, სადაც სათანადოდ არ იქნება არგუმენტირებული გადაუდებელი აუცილებლობა.
 
საია იმედს იტოვებს, რომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და გაკეთებულ დასკვნებს გაიზიარებენ როგორც ის სასამართლოები რომელთაც საია აკვირდებოდა, აგრეთვე რეგიონული სასამართლოები, სადაც საია პროცესებს არ აკვირდება. საიას რწმენით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის უფრო მეტად სრულყოფა-გაუმჯობესებას.
 

USAID საქართველოში: ბოლო 23 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov