სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წელი: არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

2015-05-28 14:55
Featured image

დღეს გამართულ კონფერენციაზე საქართველოში მოღვაწე 15-მა აქტიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.

არასამთავრობოების შეფასება ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ კოალიციის ორწლიანი მმართველობის პირველ ორ წელს საჯარო და კერძო სფერო უფრო პლურალისტური და თავისუფალი იყო, ვიდრე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში. მიუხედავად ამ წინსვლისა, ანგარიშში განხილული ყველა მიმართულებით, ქვეყნის წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევა დგას. ანგარიშის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებით, საანგარიშო პერიოდში თითოეული სფეროს მიხედვით იკვეთება როგორც მიღწევები, ისე – გამოწვევები.
 
ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია აქტიურად აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს. მათი რეკომენდაციები, თავის მხრივ, გამყარებულია ამ სექტორში არსებული საექსპერტო ცოდნით და ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მრავალწლიან შესწავლას. ეს სფეროებია: სახელმწიფო მართვის სისტემა და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობა, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, მართლმსაჯულება, საარჩევნო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის უფლებები და თანასწორობა, ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო, საგარეო პოლიტიკა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ღია მმართველობა, მედია, მიგრაცია და კულტურული მემკვიდრეობა.
 
ანგარიშის ცალკეული თავები მოამზადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი,
 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC),
 
იდენტობა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),
 
კონსტიტუციის 42-ე მუხლი,
 
მრავალეროვანი საქართველო (PMMG),
 
მწვანე ალტერნატივა,
 
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR),
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო,
 
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA),
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED),
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
 
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
 
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.