სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონფერენცია „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს: საიას საქმეები ევროპულ სასამართლოში“

2015-05-06 15:00
Featured image

2015 წლის 6 მაისს საიამ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონფერენცია გამართა „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს: საიას საქმეები ევროპულ სასამართლოში“. 

კონფერენციაზე მიმოიხილეს საქმეები, რომლებშიც საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე  რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. სტატისტიკა ასეთია:  

• ერთი საჩივარი, ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ აგებული მავთულხლართებით დაზარალებული, სოფელ დვანში მცხოვრები, 19 პირის სახელით;
 
• 6 საჩივარი, 18 პირის სახელით, სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან რუსი და ოსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ბრალდებით დაკავებების ფაქტებთან დაკავშირებით; 
 
• 53 საჩივარი, 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებული 400-მდე ადამიანის სახელით;
 
• ორი საჩივარი, 13 პირის სახელით, 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან ეთნიკური ქართველების და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დეპორტაციის ფაქტებთან დაკავშირებით;
 
შეხვედრაზე, ასევე, მიმოიხილეს საიას და სხვა არასამთავრობოების მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარდგენილი ალტერნატიული ანგარიში რუსეთის ფედერაციის მოსმენისთვის, 2015 წლის 16 მარტის სესიაზე. ანგარიში შეეხება  2008 წლის ომის და შემდგომ პერიოდში რუსი და ოსი სამხედროების მიერ განხორციელებულ სამართალდარღვევებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
 
ასევე, განიხილეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხი, როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ და იმსჯელეს სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან მდებარე ქართულ სოფლებში მავთულხლართებთან დაკავშირებულ მიმდინარე საფრთხეებსა და პრობლემებზე.
 
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ზემოაღნიშნულ საკითხებზე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მოცემულ თემაზე.
 
კონფერენცია გაიმართა ევროპის კავშირის პროექტის (EIDHR) ფინანსური მხარდაჭერით.  2008 წლის ომის და ომთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში საიას პარტნიორი ორგანიზაციები არიან:  ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი-EHRAC და რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა- RJI.
 
ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 
 
 

 
ინფორმაციის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციას.