GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

19 ივლისი, 2019

2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა. ევროპულ სასამართლოში მომჩივნის ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენდნენ.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2006 წლის 2 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს იმ დროს, როდესაც ისინი ზურას მართვის ქვეშ მყოფი მანქანით კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. პოლიციელების მიერ მანქანის მიმართულებით 70-ზე მეტი ტყვია იქნა ნასროლი მიუხედავად იმისა, რომ მანქანიდან გასროლას ადგილი არ ჰქონდა. ვაზაგაშვილი და მასთან ერთად მყოფი ა.ხ. ადგილზე გარდაიცვალნენ საკონტროლო გასროლის შედეგად, ხოლო მესამე მგზავრი გადარჩა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ შეძლო, დაედგინა ვაზაგაშვილის სხეულზე მოხვედრილი ტყვიების ზუსტი რაოდენობა მიყენებული დაზიანებების სიმძიმის გამო.  

იმავე დღეს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება მომჩივნის შვილის და მასთან მყოფი პირების წინააღმდეგ ყაჩაღობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტთან დაკავშირებით. ხოლო 2006 წლის 5 მაისს თბილისის პროკურატურის ოფისმა 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. 2007 წლის 20 აპრილს პროკურატურის ოფისმა გამოძიება შეწყვიტა იმ მოტივით, რომ პოლიციელთა მიერ გამოყენებული ძალა იყო აუცილებელი, რადგან მათ ძალა გამოიყენეს ვაზაგაშვილის მანქანიდან გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ.

2012 წლის 14 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ მომჩივნების მიმართვის საფუძველზე განაახლა 2 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეწყვეტილი გამოძიება. 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს ხუთი თანამშრომლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. განაჩენით სასამართლომ 2 პოლიციელი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის, 1 პოლიციელი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, 1 პირი - მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, ხოლო 1 პირი - განზრახ უკანონო დაკავებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა უცვლელად დატოვეს.

წინამდებარე საქმეზე ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა და განმარტა, რომ ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესების დროს სასამართლოებმა ცხადად აღნიშნეს, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელები ოფიციალური სტატუსით მოქმედებდნენ, შესაბამისად, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა სახელმწიფოს შეერაცხებოდა.

ევროპულმა სასამართლომ ასევე, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. ამ ნაწილში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ დაშვებულ შემდეგ შეცდომებზე:

- პირველადი და ყველაზე გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს იმავე პოლიციელებმა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ კორტების სპეცოპერაციაში. ამ პოლიციელთა მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებს დაეყრდნო ასევე, პროკურატურის ოფისი მის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში. შესაბამისად, ამ პირობებში ნაწარმოები გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. 

- საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დაუსაბუთებლად გაჭიანურდა მეორე მომჩივნისთვის, ციალა შანავასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მართალია, პროკურატურის ოფისმა შემდგომ აღნიშნული სტატუსი მომჩივანს მიანიჭა, თუმცა, მალევე გააუქმა, რის გამოც მას წაერთვა გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობა.

- პროკურატურის ოფისმა სათანადო შეფასება არ მისცა ორი დამოუკიდებელი მოწმის ჩვენებას, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს შეიარაღებული წინააღმდეგობა პოლიციელებისთვის არ გაუწევია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირთა ჩვენებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის პროპორციულობის შეფასებისას.

ევროპულმა სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მართალია, 2012 წელს გამოძიება განახლდა და საბოლოოდ 5 პირი მიეცა პასუხისგებაში, თუმცა, განახლებული სამართალწარმოების შედეგი არ წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას მომჩივნებისთვის. სასამართლოს განმარტებით, შვილის მკვლელობის აღიარება დაგვიანებით, ფაქტიდან 9 წლის შემდეგ, რასაც თან ახლდა საგამოძიებო ორგანოების ტოტალური უმოქმედობა გარკვეული პერიოდების განმავლობაში, უტოლდება გაჭიანურებულ სამართალს. ევროპულმა სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ ხარვეზებზე, რაც 2012 წლის შემდეგ განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, გამოძიების განახლების შემდეგ, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პირველმა მომჩივანმა, იური ვაზაგაშვილმა შეაგროვა. შესაბამისად, მას მოუწია, შეეთავსებინა საგამოძიებო როლი, რითიც მან საფრთხის ქვეშ ჩააყენა საკუთარი თავი. სასამართლოს განმარტებით, პირველი მომჩივნის ტრაგიკული მკვლელობა შვილის საფლავზე არის ცხადი მაგალითი, რამდენად მძიმე შედეგი შესაძლოა, მოჰყვეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან სიცოცხლისთვის საშიში დანაშაულების არაეფექტიან გამოძიებას.

დამატებით, ევროპულმა სასამართლომ გააკრიტიკა ეროვნული სასამართლოები ზ. ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის დაკისრებული სასჯელის ნაწილში. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, ეროვნული კანონმდებლობით შესაძლებელი იყო უფრო მაღალი სასჯელის დაკისრება, თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა ამ პირებს მხოლოდ 16 წელი მიუსაჯეს, რაც ამნისტიის შესახებ კანონის მიხედვით 12 წლამდე შემცირდა. ამასთან, ამ პირებს არ აეკრძალათ საჯარო სამსახურში საქმიანობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მათთვის დაკისრებული სასჯელი არ იყო ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მიყენებული მორალური ზიანისთვის მომჩივნის სასარგებლოდ 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

სხვა სიახლეები