GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 ივლისი, 2021

2021 წლის 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი[1] წარუდგინა.[2] მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა, როგორც საერთაშორისო პარტნიორების,[3] ისე ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდებები[4] და სასამართლოს მიმართ ნდობის კრიზისის პირობებში[5] დაიწყო საკასაციო ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები. 

კანდიდატების მოსმენის პროცესში გამოქვეყნდა OSCE/ODIHR-ის შეფასება სადაც მიმდინარე პროცესის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსმენების ეტაპია განხილული და სადაც წერია, რომკანდიდატები პარლამენტს წარედგინა სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში.[6] დასკვნის მიხედვით, ამავე ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა პროცესების სამართლიანობა და თანასწორობა.[7] პროცედურული წესები, რომლებიც უშუალოდ მოსმენების დაწყებამდე შეუშავდა არაადეკვატური იყო და ვერ უზრუნველყო თანმიმდევრულობა და სამართლიანი პირობები.[8]

6 ივლისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანდიდატების მოსმენები დაიწყო.[9]საკომიტეტო მოსმენებზე, კანდიდატებისთვის დასმული კითხვები ეხებოდა, როგორც სამართლებრივ, ისე ღირებულებით საკითხებს, სამუშაო გამოცდილებასა და მოსამართლე კანდიდატთა მიერ წარსულში განხილულ საქმეებს. კანდიდატთა ნაწილი, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ პასუხობდა მარტივ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი. ერთ-ერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე.[10] ეს დამოკიდებულება, არა მხოლოდ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, არამედ ზოგადად, პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და უარყოფით შეფასებას იმსახურებს. 

ერთ-ერთი მთავარი ხაზი რომელიც მოსამართლედ დანიშნული პერსონების მსჯელობას აერთიანებდა, სასამართლო სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემების მიმართ კრიტიკის არ არსებობა და მეტიც, მისი ინსტიქტური უარყოფა იყო. მათი უდიდესი ნაწილის აზრით მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა ის კრიტიკაა რომელიც სამოქალაქო სექტორიდან მოდის.[11] კანდიდატთა ნაწილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო მასშტაბით კლანური მმართველობის აღიარება, ცალმხრივი ინფორმაციის ან სასამართლოსთან ნაკლები კომუნიკაციის შედეგია.[12]

მიუხედავად კანდიდატების კომპეტენციასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კითხვებისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონკურსის მონაწილეთა ნაწილს რეკომენდაცია გაუწია.[13] თავის მხრივ პლენარულმა სესიამ სრულად გაიზიარა რეკომენდაციები და თანამდებობაზე 6 მოსამართლე დანიშნა.[14] აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისიც რომ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის -კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები. გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას. 

 

 


[1] გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა ქოჩიაშვილი.

[2] უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგინება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი,2021 წლის 17 ივნისი,  ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3yKKrRI, განახლებულია: 11.07.2021.

[3] აშშ-ს ელჩი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" - 19 აპრილის შეთანხმების პირობები დაიცვას

19, ამერიკის ხმის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.amerikiskhma.com/a/usa-and-eu-slam-high-council-of-justice-of-georgia-moninating-supreme-court-judges/5935021.html, განახლებულია 11.07.2021

[4] უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს,  კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, კოალიციის ვებგვერდი, 2021 წლის 24 ივნისი, ხელმისაწვდომია: http://www.coalition.ge/index.php?article_id=257&clang=0, განახლებულია 12.07.2021.

[5] იქვე.

[6] OSCE/ODIHR, third report of the nomination and appointmenr of supreme court judges in Georgia, December 2020 – June 2021, გვ. 2, OSCE/ODIHR-ის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:https://www.osce.org/files/f/documents/c/1/492115_0.pdf, განახლებულია 11.07.2021.

[7] იქვე.

[8] იქვე.

[9] დღის წესრიგი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა,  საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, 2021 წლის 6 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/media/announcement/731?local=true, განახლებულია: 13.07.2021.

[10] ლევან თევზაძემ არ უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვებს. რევაზ ნადარაიამ არ უპასუხა, შეკითხვების ნაწილს.

[11] გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა, ლევან თევზაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, რევაზ ნადარაია.

[12] ლევან თევზაძე, ბიძინა სტურუა, გოჩა აბუსერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი შავლიაშვილი.

[13] კომიტეტმა მხარი დაუჭირა: გოჩა აბუსერიძეს, გიორგი გოგიაშვილს, ლევან თევზაძეს, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს. კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღეს: ქეთევან მესხიშვილმა, ეკა ზარნაძემ და გიორგი შავლიაშვილმა.

[14]  საკომიტეტო და პლენარული კენჭისყრები 2021 წლის 12 ივლისს გაიმართა.

სხვა სიახლეები