GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

24 ოქტომბერი, 2019

საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გააგზავნა. საჩივარი ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება.

მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს სამედიცინო დიაგნოზია „ტრანსსექსუალიზმი.“ ამჟამად ნიკოლოს მეორადი ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია მამაკაცის მახასიათებლებთან.

გარეგნობასა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მითითებულ სქესს შორის არსებული შეუსაბამობის გამო ნიკოლო არაერთხელ გამხდარა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი და შექმნია პრობლემა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობის დროს. აღნიშნულის გამო, 2015 წელს მომჩივანმა ჯერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, შემდგომ კი სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა და მის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის მდედრობითიდან მამრობითით შეცვლა მოითხოვა. აღნიშნულზე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარმოდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი. მომჩივანმა ადმინისტრაციული ორგანოების უარი ეროვნული სასამართლოების წინაშე გაასაჩივრა.

ეროვნულმა სასამართლოებმა ნიკოლო ღვინიაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილეს განმარტეს რა, რომ პირს სქესის შესახებ არსებული ჩანაწერის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ეს ცვლილება ზუსტ შესაბამისობაში იქნებოდა მის ნამდვილ სქესთან. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მომჩივანს არ განუხორციელებია სქესის ცვლილება ქირურგიული ჩარევის გზით, მისი სქესის ჩანაწერი შეესაბამებოდა მის ბიოლოგიურ მდგომარეობას. შესაბამისად, სასამართლოების განმარტებით, მიუხედავად მომჩივნის გენდერული თვით-იდენტიფიკაციისა, არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისადმი არსებული საჯარო ინტერესის და აქტებში არსებული ჩანაწერის სიზუსტის, საიმედოობისა და თანმიმდევრულობის გათვალისწინებით.

ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მომჩივანი დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს გენდერის აღიარებისთვის საჭირო, ეფექტიან და ხელმისაწვდომ პროცედურებს, რაც მომჩივნისთვის, როგორც ტრანსგენდერი ადამიანისთვის სასურველი გენდერის პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სათანადო ასახვას უზრუნველყოფდა. ამასთან, საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოები და ეროვნული სასამართლოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად მსგავსი სახის ოპერაცია ძვირადღირებულ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პროცედურად არის მიჩნეული. სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევად მიიჩნია ევროპულმა სასამართლომაც 2017 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ მიღებულ საქმეზე A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE.  

წარდგენილ საჩივარში მომჩივანი ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.

დღეის მდგომარეობით საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც მუდმივად ხდებიან დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვერპლნი. ამასთან, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხის დაურეგულირებლობა. სათანადო რეგულაციების არარსებობის პირობებში კი სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს სქესის ჩანაწერის შეცვლის წინაპირობად ქირურგიულ ჩარევას უწესებს, რის გამოც ამ უკანასკნელთ უწევთ არჩევანის გაკეთება არასასურველ და სიცოცხლისთვის საშიშ სამედიცინო ჩარევასა და მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებას შორის. შესაბამისად, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმე ნათლად წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რასაც ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან სახელმწიფოს მიერ მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის თქმის გამო.
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.

 

სხვა სიახლეები