სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თებერვლის თვის საიას წარმატებული საქმეები

2014-03-06 00:55
Featured image
საიას დახმარებით  რამდენიმე პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე ბ.მ.-ის ინტერესებს, რომელიც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 ნოემბრის დადგენილებით ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და  შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
 
ბ.მ-მ საიას დახმარებით ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის  დადგენილებით, ბ.მ-ს მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ბ.მ-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და საქმე შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
 
ამავე პერიოდში საიას თელავის ოფისი იცავდა ზ.ჭ-ს ინტერესებს, რომელსაც  2014 წლის 31 იანვარს საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის მართვის მოწმობა 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოართვა.
 
საია-ს თელავის ოფისის დახმარებით, ზ.ჭ-მ ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა თელავის რაიონულ სასამართლოში. თელავის რაიონული სასამართლოს  გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ზ.ჭ-ს მიმართ შეწყდა საქმის წარმოება, სამართალდარღვევის არარსებობის გამო.

საიას დახმარებით, კიდევ  ერთ არასრულწლოვანს დაენიშნა ალიმენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვები აღსაზრდელად დედას გადაეცა
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოსარჩელე  რ.ქ-ს ინტერესებს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მეუღლისათვის ალიმენტის დაკისრებას ითხოვდა. ქუთაისის  საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხე გ.ჯ.-ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით დაეკისრა.
.
საია-ს ქუთაისის ფილიალი სასამართლო იცავდა ასევე, მოქალაქე თ. ბ-ს ინტერესებს, რომელმაც სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი.კ.-ს მიმართ და მოითხოვა მას დაკისრებოდა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ. მოპასუხემ თ.ბ-ს მიმართ სასამართლოში აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მისთვის არასრუწლოვანი შვილების აღსაზრდელად გადაცემა.  საია-ს ქუთაისის ფილიალის დახმარებით, სასამართლოს მიერ დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლის საფუძველზე არასრუწლოვანი შვილები აღსაზრდელად გადაეცა დედას თ.ბ.-ს.

საიას დახმარებით,  თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი საჯარო მოსამსახურე სამსახურში აღდგა და იძულებით განაცდური აუნაზღაურდება
 
საიას თელავის ოფისი  სასამართლოში იცავდა თელავის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი საჯარო მოხელის ე.ბ-ს  ინტერესებს, რომელიც ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის  2013 წლის 21 იანვრის ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ის გათავისუფლების მომენტში ორსულად იყო,  რაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი  მოგვიანებით,  წერილობით წარდგენილი  ცნობით გახდა. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, გამგეობამ არ გაითვალისწინა ე.ბ.-ს ორსულობა და უარი განუცხადა სამსახურში აღდგენაზე.
  
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე.ბ-ს სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო და შემდგომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
 
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის  2014 წლის 27 თებერვლის  გადაწყვეტილებით ე.ბ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.  კერძოდ,  ე.ბ.-ს განთავისუფლების შესახებ ბრძანება  ძალადაკარგულად იქნა ცნობილი, იგი აღდგენილი იქნა სამსახურში და მას აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური. სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას ადვოკატის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ  მას შემდეგ,  რაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა ე.ბ-ს ორსულობის ფაქტის შესახებ, არსებობდა საფუძველი განთავისუფლების აქტის ძალადაკარგულად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურებისა. 

საიას დახმარებით, მოქალაქე შეძლებს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას
 
საია-ს დუშეთის ოფისი სასამართლოში იცავდა  ლ.ა.-ს ინტერესებს, რომლის სახელზეც საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით ირიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 
2012 წლის 26 ივნისს  ლ.ა-მ განცხადებით მიმართა  საჯარო რეესტრს  უძრავ ნივთზე  რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, მაგრამ  აღნიშნულ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება მოქალაქე ა.ხ.-ს სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების საკადასტრო მონაცემებთან ზედდების გამო. კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა სრული გამოკვლევის გარეშე, კანონდარღვევით იქნა აღიარებული სხვა მოქალაქის საკუთრების უფლება და გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა მცდარი საკადასტრო აზომვითი ნახაზით.
საია-ს დუშეთის ოფისის დახმარებით,  ლ.ა.-მ  ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობა გაასაჩივრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა სხვა მოქალაქის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობაში შესწორების შეტანა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის და საზღვრების ნაწილში. სასამართლოს მიერ აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც შესწორებას შეიტანს ა.ხ-ს საკუთრების უფლების მოწმობაში მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის და საზღვრების ნაწილში იმგვარად, რომ მისი მიწის ნაკვეთი აღარ კვეთდეს მეზობლის მიწის ნაკვეთს.  
 
საიამ  მომხმარებლის  უფლება დაიცვა
 
საია-ს დუშეთის ოფისი სასამართლოში იცავდა მოქალაქე ნ.ო-ს ინტერესებს, რომელსაც შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი-ქართლმა'' არასწორად განუსაზღვრა ბუნებრივი აირის მოხმარების ტარიფი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საიას ადვოკატის პოზიცია და ნ.ო მოხმარებული ბუნებრივი აირის 1 კბ. მ-ზე ნაცვლად 0.54 თეთრისა გადაიხდის 0.40 თეთრს.

საია-ს დახმარებით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი  საქართველოს  ფინანსთა სამინისტროსგან  ფულად კომპენსაციას მიიღებს
 
საია-ს თელავის ოფისი სასამართლოში იცავდა ლ.ა.-ს ინტერესებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლ-ა-ს სარჩელი ნაწილობრივ  დაკმაყოფილდა. ის, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან  „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა  სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე  მიიღებს 400(ოთხასი) ლარის  ოდენობით ფულად კომპენსაციას.