სიახლეები
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს. ამ ეტაპზე საია ჩართულია 19 პირის საქმეში. ამათგან, 17 სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება თანმხლები პირების და სხვადასხვა აქსესუარების გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.
დღეს, 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას, ვახტანგ ქარელის, ილია თვალიაშვილის, რატი წვერავას და დეა მამისეიშვილის საქმეზე გამოაცხადა განაჩენები. ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ექვსივე ბრალდებულის მიმართ სრულად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და თითოეულ ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა პირების ეპიზოდში სასამართლომ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და დევნის ნაწილში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალად წარდგენილი მუხლების ნაწილში მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი გამოიყენა.
საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით დადგენილი წესით საია-ს ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ დასაბუთებული განაჩენის გადმოცემის მოთხოვნით.
გააზიარე: