სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სტრასბურგის სასამართლომ სოფელ დვანში ბორდერიზაციის შედეგად დაზარალებულთა საქმის განხილვა დაიწყო

2021-02-25 18:17
Featured image

2021 წლის 5 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქარელის რაიონის სოფელ დვანში მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებული პირების საქმის განხილვა დაიწყო. 

2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სოფელ დვანში რუსი და ოსი „მესაზღვრეების“ მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მონიშვნის მიზნით მავთულხლართების გავლებამ გამყოფი ხაზი 400-600 მეტრით გადმოწია, რის გამოც დვანის 50-მდე ოჯახის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები და 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლი ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდა. მოსახლეობა ამ მიწებს 2013 წლის ოქტომბრამდე ამუშავებდა და მიწიდან მიღებულ მოსავალს ოჯახისა და შინაური პირუტყვის გამოსაკვებად იყენებდა. ზოგიერთი ოჯახი მიწაზე მოყვანილ მოსავალს ყიდდა, რაც მათი ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. მიწებზე წვდომის დაკარგვის შედეგად ოჯახებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს, რადგან ისინი მავთულხლართების გამო მომავალში ამ მიწების დამუშავებას ვეღარ შეძლებენ.

მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებული 19 ადამიანის სახელით საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი 2014 წლის 11 აპრილს გააგზავნა. წარდგენილ საჩივარში საია დვანის მაცხოვრებელთა მიწაზე და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებითშეუფერხებელი სარგებლობის უფლების (ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი პუნქტი), მიმოსვლის თავისუფლებისა (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვისეფექტიანი საშუალების უფლების (ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი) დარღვევაზე დავობს. 

ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა 2021 წლის 5 თებერვალს დაიწყო, რის თაობაზეც მომჩივნებს და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს 2021 წლის 24 თებერვალს შეატყობინა. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, რუსეთის ფედერაციას მოუწევს წარადგინოს მისი პოზიცია მათ შორის იმ საკითხებზე, რამდენად ექცევა მომჩივანთა უფლების დარღვევის შემთხვევები რუსეთის იურისდიქციის ქვეშ; ადგილი ჰქონდა თუ არა მომჩივნების საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში ჩარევას და დაირღვა თუ არა მომჩივანთა მიმოსვლის თავისუფლება. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 2 ივნისამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, რუსეთი დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.