სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სიტყვები [რელიგიური] გრძნობების წინააღმდეგ

2021-01-15 19:58
Featured image

11 იანვარს ტელეკომპანია მთავარის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, რომელიც კრიტიკულად განწყობილ მედიასაც მიემართებოდა თქვა: „ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია.“ აღნიშნულ კომენტარს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გულისწყრომა მოჰყვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით და მოითხოვენ გვარამიამ ბოდიში მოიხადოს.

აღნიშნული ბლოგით მინდა გამოვეხმაურო მომხდარ ფაქტს და დავსვა საკითხი: გამართლებულია თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით? უფრო კონკრეტულად, გააჩნია თუ არა რელიგიურ გრძნობებს დაცვის ღირსი სამართლებრივი ინტერესი?

აქვე აღსანიშნავია, რომ ბლოგის მიზანს წარმოადგენს არა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული რომელიმე მხარის დაცვა, არამედ თავისთავად საკითხის გამორკვევა.

წინამდებარე საკითხთან დაკავშირებით, ბლოგის დაწერის იდეა ჯერ კიდევ ოქტომბერში გამიჩნდა, როდესაც საფრანგეთში მასწავლებელს გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მუჰამედის კარიკატურების ჩვენების შემდეგ მისმა მოსწავლემ თავი მოკვეთა[1]. აღნიშნული ფაქტის პოლიტიკურ შეფასებებს კი საბოლოოდ საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართულებით მუსლიმური ქვეყნების დიდი კრიტიკა მოჰყვა და გარკვეული პერიოდით კომპანიებმა ფრანგული პროდუქტის გაყიდვაც კი შეზღუდეს.

ის თუ რა არის რელიგიური გრძნობები და შეიძლება თუ არა სიტყვები იყოს ისეთი ბასრი, რომ რელიგიური გრძნობების შელახვა გამოიწვიოს, როგორც ჩანს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ დონეზეც საჭიროებს პასუხის გაცემას. ამისთვის კი მიმოვიხილავ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს გადაწყვტილებებს.

ევროსასამართლოს პრაქტიკის ანალიზიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი დადებითია, ქვემოთ კი განხილული იქნება რამდენიმე საქმე, სადაც სასამართლომ მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები რელიგიის თავისუფლების უფლების ნაწილად, შესაბამისად, დაცვის მქონე ინტერესის ღირსად მიიჩნია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა

საქმეში CASE OF OTTO-PREMINGER-INSTITUT v. AUSTRIA სასამართლომ განმარტა, რომ მორწმუნეებმა უნდა გამოავლინონ ტოლერანტობა როდესაც განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების მხრიდან ხდება მათი რელიგიის უარყოფა. თუმცა, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმის მიხედვით თუ რა ფორმით/მანერით მოხდება მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების უარყოფა ან გაკრიტიკება სახელმწიფოს შესაძლოა დაეკისროს კონვენციის მე-9 მუხლიდან(აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) მომდინარე პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მორწმუნეთა რელიგიის თავისუფლების მშვიდობიანი განხორციელება.  სასამართლოს განმარტებით, რელიგიური გრძნობების დაცვის მიზნით, რომელიც თავის მხრივ დაცულია კონვენციის მე-9 მუხლში, ლეგიტიმურია შეიზღუდოს პროვოკაციული გრაფიკული გამოსახულებების მქონე ობიექტები, და აღნიშნული ობიექტები განიხილოს როგორც ტოლერანტული საზოგადოებისადმი ზიანის მომტანი, რომელიც დემოკრატული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მახასიათებელია[2]. ამასთან, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებში არ არსებობდა ერთგვაროვანი დამოკიდებულება მორალსა და რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლომ მიხედულების ზღვრის ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებას მიანდო იმის შეფასება რამდენად აუცილებელი იყო რელიგიური გრძნობების დაცვის მიზნით შეზღუდულიყო  გამოხატვის თავისუფლება.[3]

CASE OF İ.A. v. TURKEY  საქმეში მომჩივანმა 1993 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა აბდულა რიზას ნოველა სახელად „აკრძალული ფრაზები“. ნოველაში ავტორს განხილული ჰქონდა ფილოსოფიური და თეოლოგიური საკითხები მხატვრული ლიტერატურის სტილში. 1994 წელს მომჩივანს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, რომლითაც დასჯადია ღვთის, რელიგიის, წინასწარმეტყველისა და წმინდა წიგნის დაგმობა.

სასამართლომ საბოლოოდ განმარტა, რომ მთავრობის მიერ მომჩივანის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება, რაც მის დაჯარიმებაში გამოიხატებოდა, მიზნად ისახავდა სხვათა რელიგიური გრძნობების დაცვას,  შეურაცხმყოფელი თავდასხმების აცილებას. შესაბამისად, სახეზე იყო აუცილებელი სოციალური საჭიროება, ხოლო მოპასუხე სახელმწიფოს არ გადაუბიჯებია მიხედულების ზღვრის მიღმა, რომელიც ეროვნულ სასამართლოებს ანიჭებს უფლებამოსილებას მსგავს შემთხვევებში შეაფასოს სოციალური საჭიროების არსებობა.[4] ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ დაადგინა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

და ბოლოს საქმეში E.S. v. AUSTRIA მომჩივანი 2008 წლის იანვარიდან მართავდა სემინარებს თემაზე „ძირითადი ინფორმაცია ისლამის შესახებ“. სემინარები ასევე გამოქვეყნდა მემარჯვენე ფრთის თავისუფლების პარტიის განათლების ინსტიტუტის გვერდზე.  ორი ასეთი სემინარი ჩატარდა 2009 წლის 15 ოქტომბერსა და 12 ნოემბერს, რომელსაც ფარულად ესწრებოდა საკვირაო გაზეთის ჟურნალისტი. 2010 წლის 11 თებერვალს ჟურნალისტის განცხადების საფუძველზე მომჩივანის წინააღმდეგ პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება იმ მოტივით, რომ მის მიერ სემინარებზე გამოთქმული იდეები ეწინააღმდეგებოდა ისლამის დოქტრინებს. მომჩივანმა სემინარებზე გამოთქვა რამდენიმე წინადადება, რომლის მიხედვითაც, მუჰამედი ისლამურ საზოგადოებაში წარმოდგენილია როგორც მისაბაძი მამაკაცი(ე.წ role model), თუმცა მომჩივანის განცხადებით, მუჰამედს ჰქონდა პედოფილური მიდრეკილებები, რასაც მოწმობდა აიშასთან არსებული სექსუალური ურთიერთობა, რომელიც იმ დროისთვის იყო არასრულწლოვანი. ამ პოზიციაზე დაყრდნობით, მომჩივანი გამოხატავდა აზრს, რომ მუჰამედი თანამედროვე ავსტრიულ საზოგადოებაში არ უნდა ყოფილიყო მისაბაძი მამაკაცი. ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნული განცხადებებისთვის მომჩივანს დააკისრეს ფულადი ჯარიმა სისხლის სამართლის 188-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც დასჯადია რელიგიური დოქტრინების დამცირება/დაკნინება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლების  შეზღუდვა ჯდებოდა კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლებში. კერძოდ, შეზღუდვის მიზანს წარმოადგენდა სხვათა უფლებების დაცვა, რაც გამოიხატებოდა რელიგიური გრძნობებისა და რელიგიური მშვიდობის დაცვაში.

შეზღუდვის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებლობაზე მსჯელობისას სასამართლომ განმარტა, რომ მართალია გამოხატვის თავისუფლება მოიცავს შოკისმომგვრელ და შეურაცხმყოფელ გამოხატვასაც, თუმცა როდესაც იგი სცდება კრიტიკის საზღვრებს და მისი მიზანია რელიგიური გრძნობების უარყოფით რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივება, როგორიცაა უვარგისი ან უსაფუძვლო თავდასხმა რელიგიურ თაყვანისცემის ობიექტებზე, სახელმწიფომ შესაძლოა ლეგიტიმურად მიიჩნიოს აღნიშნული გამოხატვა გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცული თავისუფლებისთვის შეუთავსებლად და შეზღუდოს იგი.

ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

ამერიკის უზენაეს სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაცრად განსაზღვრული პოზიცია გააჩნია, რასაც კარგად ასახავს საქმე Joseph Burstyn, Inc. v. Wilson, 343 US 495.  აღნიშნულ  საქმეში მთავარ საკითხს წარმოადგენდა იმის გამორკვევა არღვევდა თუ არა ნიუ იორკის შტატის კანონი პირველ(გამოხატვის თავისუფლება) და მეთოთხმეტე(თანასწორობის კლაუზულა) შესწორებებს მაშინ, როდესაც ის წინასწარ კრძალავდა მოძრავი კადრის მქონე ფილმის(motion picture film) ჩვენებას, რომელსაც გააჩნდა მკრეხელური შინაარსი.

ამერიკის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, როგორი ტოლერანტიც არ უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, ვისაც უნდა განესაზღვრა მკრეხელური იყო თუ არა კონკრეტული ფილმი, ის ვერასდროს შეძლებდა ყოფილიყო აბსოლუტურად ნეიტრალური. მისი გადაწყვეტილებით საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფებიდან ერთნი ყოველთვის აღმოჩნდებოდნენ უმრავლესობაში, მეორენი კი უმცირესობაში, შესაბამისად უმცირესობაში მყოფი პირებისადმი საბჭოს გადაწყვეტილებას ყოველთვის უარყოფითი შედეგი ექნებოდა.  სასამართლომ განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და პრესის თავისუფლების გადმოსახედიდან სახელმწიფოს არ გააჩნდა ლეგიტიმური ინტერესი შეზღუდოს გამოხატვა და ამით დაიცვას რომელიმე ან ყველა რელიგია ისეთი აზრებისგან, რომელიც უსიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს მათი მიმდევრებისთვის. სასამართლოს პოზიციით, სახელმწიფოს საქმეს არ წარმოადგენს აკრძალოს რეალური ან წარმოსახვითი თავდასხმა კონკრეტულ რელიგიურ დოქტრინაზე მოხდება ეს პუბლიკაციის გზით, ვერბალური გამოხატვით თუ მოძრავი სურათის ფილმის გამოყენებით. სწორედ აღნიშნული მოტივაციით, სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ნიუ იორკის კანონი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგიური გრძნობები წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სასამართლო წევრ სახელმწიფოებს უტოვებს მიხედულების ზღვარს ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, რომელზეც არ არსებობს საყოველთაო შეთანხმება. ევროსასამართლო მიხედულების ზღვრის ფარგლებში ენდობა შიდა სასამართლოებს შეზღუდვის საჭიროების შეფასებისას, თუმცა ის მაინც იკვლევს რამდენად პროპორციული საზოგადოებრივი საჭიროების ფონზე კონკრეტული შეზღუდვა და საბოლოოდ ის ამბობს სახელმწიფოს მიერ მიღებული შემზღუდველი ზომა იყო თუ არა პროპორციული, შესაბამისად ევროკონვენციის შესაბამისი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებში შეინიშნება ტენდენცია, რომელიც ღვთის გმობის ამკრძალავი ნორმების გაუქმებას ახდენენ.

ამის საწინააღმდეგოდ, ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური ინტერესი რელიგიური დოქტრინის დაცვით დაიცვას რელიგიური გრძნობები და სენტიმენტები და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. სახელმწიფოს დაცვის ლეგიტიმურ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ადამიანთა რელიგიური თავისუფლების დაცვა და არა რელიგიური დოქტრინების დაცვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კონტრავერსიულია და შეუძლებელს ხდის იმის განსაზღვრას თუ რა ჩაითვლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად. რელიგიური გრძნობების დაცვის შემთხვევაში, მისი ბუნდოვანი ხასიათიდან გამომდინარე გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებულმა მსუსხავმა ეფექტმა შესაძლოა არაპროპორციულად შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლების ის სფეროები, რომლის შეზღუდვის ლეგიტიმური ინტერესი არც კი არსებობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მოუწევს საქმეზე „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ პასუხის უნდა გასცეს კითხვას: შესაძლოა თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით არაეთიკური რეკლამის განთავსებისა  და გავრცელების აკრძალვის მიზანს წარმოადგენდეს რელიგიური გრძნობების დაცვა.

ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე ყოველთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რამდენად ბასრიც არ უნდა იყოს სიტყვები სახელმწიფოს საქმეს არ წარმოადგენს მათი შეზღუდვის საფუძველზე რელიგიური გრძნობების დაცვა. რელიგიის თავისუფლებიდან მომდინარე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებად არ უნდა იქნეს ამოკითხული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, რადგან რელიგიური გრძნობების დაცვა გულისხმობს არა ადამიანის ინდივიდუალური რწმენის, არამედ კონკრეტული რელიგიური კონფესიის დოქტრინის დაცვას, რაც ადამიანის რწმენის თავისუფლებისგან განცალკევებით არ არის დაცული რწმენის თავისუფლებით. ამის სანაცვლოდ, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი პირობები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ რწმენისა და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებები.

სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაიზიაროს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიდგომა და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, რადგან მაშინ როცა გამოხატვის თავისუფლებას მისი ადრესატების აღშფოთება, გაღიზიანება და ხშირად შოკურ მდგომარეობაში აღმოჩენაც კი მოჰყვება, შეპირისპირებულ ინტერესად ისევ გამოხატვის თავისუფლება უნდა იქნეს განხილული, ხოლო სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტულ საკითხზე უმრავლესობაში არსებულ პოპულარულ  აზრს ჭეშმარიტად წარმოაჩენდა უმცირესობაში არსებულ არაპოპულარულ აზრთან მიმართებით.

თუკი დავუშვებთ, რომ სიტყვები იმდენად, ბასრია, რომ ლახავს რელიგიურ გრძნობებს, ფარად რომელიც მათ დააბლაგვებდა კვლავ სიტყვები უნდა გამოვიყენოთ, სწორედ ამაში მდგომარეობს გამოხატვის  თავისუფლების როგორც ინსტრუმენტული, ასევე იმანენტური ღირებულება.

 

 


[1] https://www.bbc.com/news/world-europe-54632353

[2] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე OTTO-PREMINGER-INSTITUT v. AUSTRIA, პარ. 47.

[3] იქვე., პარ.50.

[4] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე İ.A. v. TURKEY პარ. 30-31.