სიახლეები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 დეკემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, პირის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამო, მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
მოსარჩელის განმარტებით, მას როგორც მუსლიმი თემის წარმომადგენელსა და პოლიტიკურად აქტიურ პირს, სისტემატურად უსმენს და უთვალთვალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად, მან 2021 წლის 12 ნოემბერს გადაწყვიტა აქცია გაემართა უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო.
მოსარჩელე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჯერ 24 საათით, ხოლო შემდეგ პოლიციამ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაკავების ვადა დამატებით 24 საათით გაახანგრძლივა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. მას სახდელის სახედ და ზომად შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღით. მხარის მიერ აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. ამდენად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსამართლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
გააზიარე: