GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

06 ივლისი, 2022

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2022 წლის 18 მაისის განჩინებით, დაუშვებლად ცნო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა საქართველოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, სრულად დაკმაყოფილდა საიას სარჩელი საჯარო ინფორმაციის გადმოცემის თაობაზე.

 

საია ითხოვდა დროის კონკრეტულ შუალედში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ფიზიკურ პირებთან და 10 არარეზიდენტ პირთან დადებული ხელშეკრულებების გადმოცემას, თითოეულთან თანხის მითითებით. მაუწყებელმა მოთხოვნილი ხელშეკრულებების შესახებ გასცა მხოლოდ ზოგადი მონაცემები და დაჯამებული თანხების შესახებ ინფორმაცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაუწყებელს დაევალა განხორციელებული შესყიდვების შედეგად ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საიასთვის გადმოცემა, პერსონალური მონაცემების  დაშტრიხული ფორმით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საიას სააპელაციო საჩივარი და შედეგად მაუწყებელს 10 არარეზიდენტ პირთან დადებული ხელშეკრულების (თითოეულთან თანხის მითითებით) საჯარო ინფორმაციის სახით გადმოცემა დაავალა, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პოზიციის მიხედვით, ვინაიდან, მხარეებს ხელშეკრულებებში ჩადებული ჰქონდათ კონფიდენციალობის პირობა, ხელშეკრულებები წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოებას, შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია არ იყო საჯარო და მას არ ჰქონდა აღნიშნული ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. მაუწყებელი ასევე უთითებდა, რომ მსგავსი ხელშეკრულებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის დავალდებულება გამოიწვევდა მისი კონკურენტუნარიანობის შემცირებას. იგი საკუთარი პოზიციის გამყარებას ცდილობდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ჩანაწერზე მითითებით, რომლის თანახმადაც, „ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე, რადიო, ასევე ვებგვერდისა და სოციალური ქსელისათვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე...“. საგულისხმოა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ადმინისტრაციული წარმოება მხარეთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევასთან დაკავშირებით არც ჩატარებულა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ზეპირ სხდომაზე, მხარეთა დასწრებით განხილვის შემდგომ, სრულად გაიზიარა საიას პოზიცია და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. განჩინებაში ხაზი გაესვა საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც საჯარო დაწესებულების სტატუსს და სასამართლომ საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება მისი საქმიანობის უმთავრეს პრინციპად მიიჩნია. სასამართლო დაეთანხმა საიას შეფასებას, რომ „მოთხოვნილი ხელშეკრულებების შესახებ ზოგადი მონაცემებისა და დაჯამებული თანხების შესახებ ინფორმაციის გაცემა არ ქმნის საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის საფუძვლებს, რადგან ასეთი სახით გაცემული ინფორმაცია არ იძლევა კონკრეტულ პასუხს საკითხის არსებით დეტალებზე, არ ქმნის სრულ და დეტალურ წარმოდგენას სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ადეკვატურობასა და მაიზანშეწონილობაზე (კონკრეტულად რა მომსახურებაში რა  ოდენობის თანხა გადაიხდება), არ გამოდგება ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების ჯეროვნად განხორციელებისთვის.“

 

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისის დაწესება ემსახურება მაუწყებლის მიერ, მისი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, კონკრეტული შესყიდვების მარტივად და ეფექტურად განხორციელებას და არ უკავშირდება მის ვალდებულებას საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, პირიქით, ასეთი გამონაკლისის დაწესება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ვალდებულებების უფრო მაღალი სტანდარტით დაცვას მოითხოვს.გაზიარებულ იქნა საიას პოზიცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც ხელშეკრულების მხარეს, ვერ ექნება კომერციული საიდუმლოება მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ხელშეკრულების მეორე მხარის სურვილს, ხოლო უარი, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინება მნიშვნელოვანია მაუწყებლის საქმიანობის მონიტორინგის ფარგლების დადგენილ საკითხში, ვინაიდან, მითითებული განმარტებებით გამოირიცხა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინფორმაციის ხელოვნურად გასაიდუმლოებისა და მონიტორინგისთვის ხელის შეშლის შესაძლებლობა. ამ განჩინებით კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულება, გასცეს საჯარო ინფორმაცია და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი საფუძვლებისა და პროცედურების დაცვის პირობებში განაცხადოს უარი ინფორმაციის გაცემაზე.

სხვა სიახლეები