GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 დეკემბერი, 2013

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის პროექტით შემოთავაზებულია ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცაა გამგებლების (მერების) პირდაპირი წესით არჩევა, რაც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მოთხოვნას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, შემოთავაზებული კანონპრექტი ითვალისწინებს ნორმას, რომელიც არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს. 

კერძოდ, საუბარია კოდექსის პროექტის 48-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირი წესით არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. აღნიშნული საკითხის ინიცირების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20%-ს. 

აღნიშნული ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს. ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების უფლება ეძლევა საკრებულოს, რის განსახორციელებლადაც საკმარისი იქნება საკრებულოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, მაქსიმუმ 15-20 წევრი. ამასთან, პროექტით განსაზღვრული არ არის ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაში შეუძლია საკრებულოს დაიწყოს უნდობლობის პროცედურა, რაც შესაძლებლობას მისცემს საკრებულოს გამოიყენოს უნდობლობის პროცედურა იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უმრავლესობასა და გამგებელს (მერს) შორის არსებობს პარტიული ან სხვა სახის დაპირისპირება. 
 
გარდა იმისა, რომ მოცემული წესით გამგებლის (მერის) გადაყენება წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანთან და მათ მიერ გამოხატულ ნებასთან, ნორმამ შესაძლებელია პოლიტიკურად არასტაბილური გარემო შექმნას. პროექტის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკრებულოს შესაძლებლობა ეძლევა გამგებლის (მერის) უფლებამოსილების ერთი ვადის განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელოს უნდობლობის პროცედურა. აღნიშნული კი გამოიწვევს იმას, რომ გამგებელი (მერი) მისი საქმიანობის განხორციელებისას უფრო მეტად იქნება დამოკიდებული საკრებულოს და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების კეთილგანწყობილებაზე, რათა ამ უკანასკნელმა ინიცირება არ გაუკეთოს მის წინააღმდეგ უნდობლობის პროცედურას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს გამგებლის (მერის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 
 
თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის ორგანოთა ფორმირებაში, არჩეული თანამდებობის პირის/ორგანოს სტაბილურობა და დამოუკიდებლობა. საკრებულოსთვის მსგავსი უფლების მინიჭების შედეგად მივიღებთ იმავე რეალობას, რაც დღეს მოქმედი კოდექსით არის დადგენილი, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი საკრებულოს თანხმობით, რისი სამწუხარო მაგალითებიც მრავლად ვნახეთ 2013 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ასეთი დათქმა ამცირებს ამ თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის არსს და მნიშვნელობას.
 
ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს არ ერთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი.   ვთვლით, რომ სწორედ სამართლიანი საარჩევნო სისტემა წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად განხორციელების წინაპირობას და მასზე მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
 
ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ ძირითად მოთხოვნებს, როგორიცაა: ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვა მანდატებში; ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობის შემცირება; ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, მცირე პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატების წარმომადგენლობა; არჩევნებისადმი ნდობის გაზრდა და ძლიერ კანდიდატებზე ორიენტირება.
 
გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და კონსესუსის გზით, რაც დიდ დროს და შრომას მოითხოვს. შესაბამისად, სასურველია, უმოკლეს ვადებში დაიწყოს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე.
 
არასამთავრობო ორგანიზაციები მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართული თვითმმართველობის რეფორმის პროცესში და ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს წარუდგენს საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტს. 
 

სხვა სიახლეები