სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება (მოკლე მიმოხილვა)

2016-10-06 17:22
Featured image

 

არჩევნების მნიშვნელობა

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი მას შემდეგ, რაც, 2012 წელს, უკიდურესად დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდის ფონზე,[2] საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა; ეს იქნება ასევე პირველი  საპარლამენტო არჩევნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. შესაბამისად, დიდია არჩევნების მიმართ ინტერესი და მისი მნიშვნელობა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

პოლიტიკური ველი

განსხვავებით წინა საპარლამენტო არჩევნებისაგან, დღეს პოლიტიკური სპექტრი უფრო მრავალფეროვანი და მრავალაქტორიანია, თუმცა მაღალია პოლიტიკური პოლარიზების დონე ქვეყანაში და შეიმჩნევა პოლიტიკური ველის ორპოლუსიან სივრცედ დატოვების მცდელობები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რაზეც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი ექსპერტი საუბრობდა და რასაც სხვა პარტიების წარმომადგენლები ღიად აკრიტიკებდნენ.

უნდა აღინიშნოს რიგი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატები, აქტივისტები ტოვებდნენ/იცვლიდნენ პოლიტიკურ პარტიებსა ან წყვეტდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, რიგ შემთხვევებში აღნიშნული განპირობებული იყო შიდა-პარტიული პრობლემებით, თუმცა სხვა შემთხვევები გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა შესაძლო გარე ჩარევების შესახებ.

 

წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო, თუმცა აგვისტოს ბოლომდე პოლიტიკური პარტიების მხრიდან კამპანია აქტიურ ფაზაში არ გადასულა.

ხელისუფლება ორჯერ გამოვიდა პოლიტიკურ პარტიებს შორის წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან პრინციპებზე შეთანხმების ინიციატივით, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური პარტიები შეუერთდნენ, თუმცა სხვები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, გაემიჯნა, აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივების მნიშვნელობას აკნინებდა წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ინცინდენტებზე მთელ რიგ შემთხვევებში არასათანადო რეაგირება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ და მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლების საჯარო რიტორიკა.

მიუხედავად კონკრეტული მცდელობებისა და პარტიების მიმართ არაერთი სამოქალაქო მოწოდებისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ, კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულიყო და ყოფილიყო ფოკუსირებული საარჩევნო პროგრამებზე, ამ პერიოდს თან გასდევდა დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთბრალდებები, მთელ რიგ შემთხვევებში კი - ასევე პიროვნული შეურაცხყოფები. პოლიტიკურმა პარტიებმა ვერც ამ არჩევნებზე მოახერხეს პოლიტიკური დისკუსიების წარმართვა სიძულვილის ენის გამოყენების და მოწყვლადი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციის გარეშე.

ასეთი ფონი უნდობლობას აღრმავებდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების და უწყებების მისამართით და ახდენდა სამართლებრივი საკითხების პოლიტიზირებას.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატა დარღვევების რაოდენობამ და სიმძიმემ.

 

დარღვევებს შორის უნდა აღინიშნოს: წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლა და ძალადობა/ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები, სააგიტაციო მასალების დაზიანება, უკანონო აგიტაცია, ამომრჩევლის მოსყიდვა, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განვითარებულმა ძალადობრივმა ფაქტებმა დიდინეძში, გორსა და თბილისში საფრთხე შეუქმნა სტაბილურ საარჩევნო გარემოს და  მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხების გაცემა სწრაფ, ეფექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას და სამართლიან სასამართლო განხილვებს საჭიროებს.

 

აღსანიშნავია, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა აქტიურობაზე საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში.[3]

 

იხ. ინფო-გრაფიკი, რომელიც ასახავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების სტატისტიკას:

 

 

ჩვენს მიერ განხორციელებული რეაგირება დარღვევებზე

 

საიას მონიტორების მიერ  წინასაარჩევნო პერიოდში  საერთო ჯამში 82 დარღვევა/ტენდენცია დაფიქსირდა. დარღვევები ფიქსირდებოდა როგორც სახელისუფლებლო, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

 

საანგარიშო პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება/საჩივრის წარდგენა მოხდა შესაბამის უწყებებში. სტატისტიკა, სხვადასხვა ფაქტებთან დაკავშირებით, ასე გამოიყურება:

 

 

საკანონმდებლო ჩარჩო

 

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის 2016 წელს მიღწეული უპრეცედენტო კონსენსუსის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებამდე  კვლავ ვერ განხორციელდა საარჩევნო სისტემის რეფორმა და ხელისუფლება მხოლოდ ფრაგმენტული ცვლილებებით შემოიფარგლა. შესაბამისად, 2016 წლის არჩევნები კვლავ ძველი სისტემით გაიმართება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული ხმებისა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებული მანდატების პროპორციულად ასახვას. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის აქტიური მცდელობებისა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა კვოტირების საკითხს.

 

ხანგრძლივმა წინასაარჩევნო პერიოდმა და ამ პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია და საჭიროებს შემდგომ რეფორმირებას, მათ შორის მნიშვნელოვანია მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების განახლება და თანამედროვეობის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მედია გარემო წინასაარჩევნოდ

საქართველოში მედია გარემო პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრის შესაბამისად, რაც კიდევ უფრო ნათელი იყო წინასაარჩევნო კონტექსტში. მწირია მოვლენების ობიექტური, მიუკერძოებელი გაშუქება და პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა.

მიუხედავად თავისუფალი და კრიტიკული მედიის შენარჩუნების მიმართულებით 2015-2016 წლებში შექმნილი სერიოზული საფრთხეებისა, საპარლამენტო არჩევნების წინ მედია გარემო წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით უფრო თავისუფალი და პლურალისტურია, რაც შესაძლებლობას აძლევდა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ამომრჩევლისათვის თავისუფლად მიეწვდინათ თავიანთი ხმა, თუმცა გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ პრეტენზიები უფასო სარეკლამო დროით სარგებლობასთან დაკავშირებით, რაც ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით იყო განპირობებული.

მისასალმებელია, რომ რამდენიმე მედია საშუალებამ საზოგადოებას შესთავაზა თემატური დებატები პარტიების პროგრამების მიხედვით. თუმცა, უარყოფით შეფასებას იმსახურებს ის გარემოება, რომ მაგალითად 3 ოქტომბერს რიგი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ თემატურ დებატებში მონაწილეობა არ მიიღეს.

ფარული ჩანაწერები

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დაწყებამდე კვლავ აქტუალური გახდა ფარული ჩანაწერების თემა, როდესაც პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა მუქარის შემცველი მესიჯებით. აღნიშნულს საზოგადოების ფართო წრეების პროტესტი მოჰყვა.

მოგვიანებით სხვადასხვა შინაარსის არაერთი ფარული აუდიო ჩანაწერიც გავრცელდა. ჩანაწერების გავრცელების დრო და შინაარსი მიუთითებდა ჩანაწერების მეშვეობით პოლიტიკური პროცესების და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობებზე, რაც შეუთავსებელია დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი.  მეორეს მხრივ, ზოგიერთი ჩანაწერის შინაარსი, ავთენტურობის პირობით, ასევე  არ იყო თავსებადი დემოკრატიულ ღირებულებებსა და მართლწესრიგთან და იწვევდა საზოგადოების მკვეთრად უარყოფით განწყობებს.

ერთ-ერთი ჩანაწერის საფუძველზე 27  სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მუხლით.

ზემოაღნიშნული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკანონო მოსმენების და პოლიტიკური მიზნებისთვის მათი გამოყენების მანკიერი პრაქტიკა კვლავ გრძელდება, რასაც ახალისებს არასათანადოდ განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა, ამგვარი დანაშაულის არაეფექტური გამოძიებები და დამნაშავეთა დაუსჯელობის პრაქტიკა.

 

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა  საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცედურის, ასევე პრაქტიკის პრობლემურობა. გამოითქვა არაერთი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიების „პროფესიული“ წევრების კვოტით პოლიტიკური მიკერძოების მქონე პირები იქნენ შერჩეული, და რომ უბნების დაკომპლექტების დროს არა ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სიების წინასწარ შედგენას.

რაც შეეხება ცესკოს, მისი ინიციატივით და აქტიური ჩართულობით არაერთი ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა საარჩევნო  პერიოდში გამჭვირვალობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ასევე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად და კანონდარღვევების თავიდან ასაცილებლად, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. თუმცა, რიგ შემთხვევებში ცესკოს მოქმედებები, არსებული საკანონმდებლო ნორმების ფარგლებში განსაზღვრული მისი უფლებამოსილებისა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირების თვალსაზრისით გარკვეულ კითხვებს აჩენდა, რაც ნათლად გამოიკვეთა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისა და საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების მინიჭების დროს.

ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საარჩევნო დავების განხილვის დროს ვერც სასამართლომ და ვერც საარჩევნო ადმინისტრაციებმა ვერ უზრუნველყვეს კანონმდებლობის სწორი, პროგრესული განმარტება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, რითიც შექმნეს შთაბეჭდილება, რომ თავს არიდებდნენ მნიშვნელოვან საკითხებზე თავიანთი უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.

უწყებათაშორისი კომისია

საანგარიშო პერიოდში უწყებათაშორისმა კომისიამ 9 სხდომა გამართა და 10-ზე მეტი რეკომენდაცია გამოსცა,[4] რომლებიც როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებს, ასევე საარჩევნო სუბიექტებს ეხებოდა და მიმართული იყო წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას შეხვედრებისას კონტრაქციებისაგან, სააგიტაციო მასალების დაზიანებისაგან თავის შეკავების  და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების დაცვის მიზნით, კონტროლის უზრუნველყოფად. სამწუხაროა, რომ კომისიის მიერ გამოცემული  რეკომენდაციის მიუხედავად, არაერთი დარღვევა  რეკომენდაციის გამოცემის შემდგომაც დაფიქსირდა (მაგ. საჯარო მოხელეებთან მიმართებაში).

კომისიის სხდომები ძირითადად კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, ადგილი ჰქონდა დისკუსიების პოლიტიზირებას და პარტიების წარმომადგენელთა მიერ განხილვების ურთიერთბრალდების ტონალობაში გადაყვანას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

2014 წლის მსგავსად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული დროებითი საკონსულტაციო კომისია შეიქმნა.[5]

კომისია საქმიანობას 2016 წლის ივლისის ბოლოდან შეუდგა. კომისიის შექმნამ და მისმა მუშაობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აუდიტის სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობას და  პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება უზრუნველყო. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა ინფორმაციას სავარაუდო დარღვევების შესახებ, გამოკითხვაზე იბარებდა შემომწირველებს, პერიოდულად აქვეყნებდა საარჩევნო სუბიექტთა სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას.[6]

შინაგან საქმეთა სამინისტრო

წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებების განხორციელებისას გარკვეულ შემთხვევებში  აქციების ხელშეშლის, ძალადობისა და მუქარის შემთხვევები დაფიქსირდა.[7] რიგ შემთხვევები, მიუხედავად, იმისა, რომ წინასწარ იყო დაანონსებული აქციები და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ღონისძიებების გამართვის ადგილას, მათი წარმომადგენლები არასათანადო რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციის წარმომადგენლები დროულად და ადეკვატურად რეაგირებდნენ ინცინდენტებზე. აღსანიშნავია პოლიციელთა სრული მზადყოფნა და მობილიზება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე 5 ოქტომბერს თბილისში, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.

ასევე პოზიტიურია ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოსთან თანამშრომლობით გადადგა გარკვეული მოსამზადებელი ნაბიჯები არჩევნების დღის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.[8] 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მთელ რიგ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს მუქარის, იძულების, დაშინების ან ძალადობის სხვადასხვა ფორმებს და რომლებზეც  საუბარი იყო როგორც მედიასაშუალებებში, ასევე უწყებათშორისი კომისიის ფორმატში, შსს-ს მიერ წარმართული გამოძიებების ეფექტურობა. აღნიშნული უარყოფიად აისახება ამ უწყების, როგორც ეფექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტისადმი ნდობაზე.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აუცილებლად მიიჩნევს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე საარჩვენო სუბიექტებმა გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადადგან იმისათვის, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი 8 ოქტომბერს.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს:

 

-  უპირველეს ამოცანად დაისახონ კენჭისყრის დღის და სხვა საარჩევნო პროცესების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა;

- ასევე, უზრუნველყონ სწრაფი, სრულყოფილი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიება საარჩევნო კანონმდებლობის ყველა დარღვევაზე.

 

აქვე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს:

 

-         უარი თქვან დაპირისპირებისა და ესკალაციის საფრთხის შემცველ  

  ქმედებებზე;

-         ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის  

ძალადობრივი მიმართულებით განვითარება;

-         ხელი შეუწყონ მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს;

 

საია 500-მდე დამკვირვებლით განახორციელებს კენჭისყრის დღის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით 49 საარჩევნო ოლქში და მონიტორინგის შედეგებს კენჭისყრის დღის განმავლობაში პერიოდულად მიაწოდებს საზოგადოებას. 

 

 


[1] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აკვირდება როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით საარჩევნო დავებს. ორგანიზაცია ასევე გამოაქვეყნებს სამივე ფაზის დეტალური შეფასების ანგარიშებს. 

[2]2012-2014 საარჩევნო ციკლის შემაფასებელი ანგარიშები: OSCE/ODIHR, NDI, GYLA, ISFED, TI 

[3]დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიას საინფორმაციო ბიულეტენებში: https://gyla.ge/ge/mod/newsletter/5, https://gyla.ge/ge/mod/newsletter/6,   https://gyla.ge/ge/mod/newsletter/7                

 

[4] http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/487

[5] კომისიის მანდატს პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების აღსრულების პროცესის შესახებ, მათ შორის პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციების შესაძლო დარღვევის თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მოსმენა და განხილვა, ასევე, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის კონკრეტული რეკომენდაციების გაწევა წარმოადგენს. 

[6] http://sao.ge/financial-monitoring-service-of-political-parties/declaration/contributions

[7] https://gyla.ge/ge/post/khelsheshla-tsinasaarchevno-kampaniis-gankhorcielebashi-da-dzaladobis-faqtebi

[8] http://info.police.ge/images/pdf/brdzaneba