სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს შესწავლას სთხოვს

2010-02-04 08:57
Featured image
2010 წლის 4 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოძრაობის ,,რატომ” აქტივისტის, მერაბ ჭიქაშვილის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს. 2009 წლის 15 ივნისს მერაბ ჭიქაშვილი თბილისის შს მთავარი სამმართველოს წინ გამართული აქციის დროს დააკავეს და 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 2009 წლის 17 ივლისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით ცალკეული სამართალდარღვევებისათვის განსაზღვრული სახდელის მაქსიმალური ზომა - 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა - ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს და მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ადამიანს იცავს არაჰუმანური, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელისაგან. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა ხდება შსს დროებითი მოთავსების იზოლატორებში. საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის პირობებს. კერძოდ კი, ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რამდენი კვადრატული მეტრის ფართში უნდა მოიხადოს ადამიანმა ადმინისტრაციული პატიმრობა; კანონი ასევე არ განსაზღვრავს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირის უფლებას პირადი ჰიგიენის დაცვაზე, გარეთ გასეირნების უფლებაზე. ამ საკითხების კანონით გაუთვალისწინებლობა ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირი ვერ ისარგებლებს ზემოხსნებული უფლებებით და პატიმრობის ადეკვატური პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმები ასევე არღვევს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. ეს უკანსკნელი იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. 90 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირი მოკლებულია შესაძლებლობას, შეხვდეს ოჯახის წევრებს, ვინაიდან კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ამგვარ უფლებას. 90 დღის ხანგრძლივობით ოჯახური კავშირების გაწყვეტა წარმოადგენს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში არათანაზომიერ ჩარევას, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი.

კონსტიტუციურ სარჩელი ეყრდნობა წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის 2007 წლის  რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებთან დაკავშირებით. საიას წარმომადგენლები გეგმავენ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფი წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის წევრებთან საუბარს.