სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საპატრულო პოლიციის ავტომანქანებზე “ჯეოსელის” რეკლამა კანონდარღვევაა

2006-05-16 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციაციის ცენტრი” შეშფოთებულები არიან იმ ფაქტის გამო, რომ საპატრულო პოლიციის ავტომანქანების სანომრე ნიშნის ადგილზე კომპანია “ჯეოსელის” რეკლამაა განთავსებული.

მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წააგო სასამართლო პროცესი ინფორმაციის გაუცემლობის გამო, საიამ და საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციაციის ცენტრმა მოიპოვა ხელშეკრულება შპს “ჯეოსელსა” და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შორის, რომელიც გაფორმებულია 2004 წლის 24 დეკემბერს.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია “ჯეოსელი” შსს-ს უსასყიდლოდ გადასცემს 2500 სიმ-ბარათს და 600 სიმ-ბარათზე გამოუყოფს შსს-ს თვეში ოც ლარიან უფასო სასაუბრო დროს. ამის სანაცვლოდ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განათავსებს კომპანია “ჯეოსელის” სახელწოდებას  ან/და სასაქონლო ნიშანს საპატრულო ავტომობილებზე. ამასთანავე ხელშეკრულების თანახმად, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია “არ ისარგებლოს  კომპანიის კონკურენტი საწარმოს მომსახურეობით ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში”.

აღნიშნული ხელშეკრულებით უხეშად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა.

  • შსს-მ პირდაპირ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.

გაფორმებული ხელშეკრულებით შსს-მ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე უპირატესობა მიანიჭა კომპანია “ჯეოსელს” და ყოველგვარი ტენდერისა და ფასთა კოტირების გარეშე გააფორმა “კორპორაციული” ხელშეკრულება. საპატრულო პოლიციას არ შეიძლება ჰქონდეს კორპორაციული ინტერესი, რადგან ის სამართალდამცავ ორგანოს წარმოადგენს.

  • დაირღვა საქართველოს “ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 122-ე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით “სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით გამოიწვევს ჯარიმას 50 ლარის ოდენობით”.
  • ხელშეკრულებით ირღვევა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლიც. ამ მუხლის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დაუშვებელია, მაშინ როდესაც საქმე ეხება 20 000 ლარზე მეტ თანხას.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ერთწლიანი ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2005 წლის 24 დეკემბერს ამოიწურა, გაგრძელებული არ არის. სამწუხაროდ დღესაც ვხვდებით საპატრულო პოლიციის მანქანებზე კომპანია “ჯეოსელის” რეკლამას. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიციის ავტომობილზე რეკლამაა განთავსებული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და “საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციაციის ცენტრს” მიუღებლად მიაჩნიათ აღნიშნული სამართალდარღვევები და მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ ჩამოხსნას კომპანია “ჯეოსელის” რეკლამა საპატრულო პოლიციის ავტომობილებიდან, ამასთან მიღებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა.