GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

31 ოქტომბერი, 2016

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამომრჩეველმა ნება ძირითადად თავისუფლად გამოხატა.

პრობლემური იყო მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები (დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების ხმის მიცემის და ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები), ამომრჩევლის ნების განსხვავებული ფორმით გაკეთების (ბიულეტენის ოთხკუთხედად ან სამკუთხედად შევსების, ბიულეტენთან ერთად სარეგისტრაციო ბარათის კონვერტში მოთავსების ცალკეული ფაქტები), დამკვირვებელთა მიმართ მუქარისა და ხელის შეშლის/უფლებების შეზღუდვის, დამკვირვებელთა სამკერდე ნიშნების მონაცემების სიზუსტის პრობლემები. ასევე დაფიქსირდა სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები. დაფიქსირდა ფიზიკური შეურაცხყოფის 1 ფაქტი (გორში), მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი (ბათუმი).

 

განსხვავებით პირველი ტურის კენჭისყრის დღისგან, არ დაფიქსირებულა ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესის მნიშვნელოვანი ხარვეზები (მაგ. შემაჯამებელი ოქმების შევსების პროცედურის დარღვევები).

თუმცა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მეორე ტურებზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც უბნის მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული იყვნენ კანდიდატების კოორდინატორები და აქტივისტები და აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, ცალკეულ შემთხვევებში - მათ მიერ დაფიქსირებულ ნებასაც, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ირიბი კონტროლი/კონტროლის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე. (მაგალითად, ზუგდიდში, 72-ე უბნის კენჭისყრის შენობაში ,,ქართული ოცნებისა“ და სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენლების მიერ.)

პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ  არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურის კენჭისყრის დღეს ძალადობას უბნების გარე პერიმეტრზე ან უბნების დარბევის შემთხვევებს,  ადგილი არ ჰქონია. მშვიდი და არაძალადობრივი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სამართალდამცავი ორგანოების მობილიზებული მოქმედებები. ასევე უნდა აღინიშნოს საარჩევნო სუბიექტების წვლილიც დაძაბულობისა და ძალადობრივი ინცინდენტების პრევენციის კუთხით.

დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობის 5 ფაქტი და არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის 70-მდე ფაქტი.

ინფორმაცია ამომრჩევლის ნებაზე სავარაუდო კონტროლის თაობაზე

 

29 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააკეთა განმარტება, რომ ამომრჩევლისთვის მითითების მიცემა, განსხვავებული ფორმით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი ბიულეტენზე და მოეხდინათ ამ ფაქტის ფოტო გადაღება, ამგვარი მითითების შემთხვევაში, იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა.  აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართულმა ოცნებამ“ უარყო მსგავსი მითითების გაცემა. 

საიას დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობის შემოწმების მიზნით.

 

იმ უბნებზე, სადაც საიას დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილები (300-მდე უბანი) ჩვენს მიერ დაფიქსირდა 80-მდე შემთხვევა განსხვავებული ფორმით არჩევანის გაკეთების (ოთხკუთხედით ან სამკუთხედით შევსება), ასევე 40- მდე შემთხვევა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის (ზუგდიდის 72-ე უბანზე 30-ზე მეტ კონვერტში  და ზუგდიდის 65.67.80 უბანზე 8 ამომრჩევლის ბარათი იყო კონვერტებში; გლდანის 20.10.23  - 2 ცალ ბიულეტენზე იყო ამომრჩევლის ხელმოწერა.) აღნიშნული შესაძლოა აჩენდეს კითხვებს ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლის ნების კონტროლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე;

განსხვავებული ფორმით არჩევანის გაკეთების 3 შემთხვევა დაფიქსირდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ (სამგორის ოლქში 92, 97, 108-ე უბნებზე), ხოლო დანარჩენი შემთხვევები - ქართული ოცნების სასარგებლოდ:

სამგორის  #97 უბანი ( 5 ბიულეტენი),

სამგორის #92 უბანი (2 ბიულეტენი)

სამგორის #53 უბანი (3 ბიულეტენი)

სამგორის #37 უბანი (10 ბიულეტენი),

სამგორის #38 უბანი (4 ბიულეტენი),

სამგორის #58 უბანი (1 ბიულეტენი),  

სამგორის #101 უბანი (2 ბიულეტენი)

ისნის #53 უბანი (4 ბიულეტენი) ,

ისნის #77 უბანი (1 ბიულეტენი)

გლდანის #20.10.07 უბანი (4 ბიულეტენი)

გლდანი #20.10.08 უბანი ( 6 ბიულეტენი)

დიდუბის #14 უბანი (2 ბიულეტენი),  

გლდანის #20.10.23 (16 ბიულეტენი), 

ნაძალადევის #49 უბანი (1 ბიულეტენი),

რუსთავის #37 უბანი (8 ბიულეტენი)

ზუგდიდის #72 უბანი (1 ბიულეტენი),

იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა იძულებას ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ან მომავალში დაფიქსირდება რაიმე ფორმით ზეწოლა ნების გამოხატვასთან დაკავშირებით, მივმართავთ ამომრჩეველს  მოგვმართოს საიას თბილისისა და რეგიონულ ოფისებს: თელავში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, დუშეთსა და გორში.

 

ასევე დაფიქსირდა დამკვირვებლის საქმიანობისათვის ხელშეშლა/უფლებების შეზღუდვა (5 ფაქტი)  და გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები - (2 ფაქტი.)

ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 60-მდე საჩივარი და 59-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

 

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მესამე ტურის კენჭისყრის დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 400 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.

 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 300 საარჩევნო უბანში. 45 მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები.

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით,  მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

 

ცხელი ხაზის ნომერია: 223-63-48

 

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით. 

ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

 

საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.                                                              

 

სხვა სიახლეები