სიახლეები
ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის უმძიმეს საქმეზე და სახელმწიფო უწყებებს მოვუწოდებთ დროულად გამოიძიონ მომხდარი. გამოძიების ფარგლებში შესწავლილი უნდა იყოს ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის ოჯახი გასული წლის ზაფხულში მამაკაცის მხრიდან გოგონაზე შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებს. ამის შესახებ მათ ორი თვის წინ, სავარაუდო მოძალადის განმეორებით გამოჩენის შემდეგ შეიტყვეს და აღნიშნულზე პოლიციას მიმართეს.
გარდაცვლილი ბავშვის ბაბუის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირების მიუხედავად, პოლიციამ პირი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ლოდინის მიზეზით არ დააკავა, რასაც მოზარდი ემოციურად განიცდიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის პირის დაკავების თაობაზე, თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი მოზარდის თვითმკვლელობისთაობაზე, რაზეც ცალკე დაიწყო გამოძიება სუიციდამდე მიყვანის მუხლით, (სსკ-ის 115-ე მუხლი).
აღნიშნულ საქმეში ჩანს ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი სოციალური პრაქტიკები და საპოლიციო და სოციალური ინსტიტუტების დანაშაულებრივი გულგრილობისა და არაეფექტიანობის ნიშნები.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა არის ქალებსა და მამაკაცებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული ძალთა უთანასწორობის გამოვლენა, რამაც მიგვიყვანა კაცების მხრიდან ქალების მიმართ დისკრიმინაციამდე და მათზე დომინირებამდე. კონვენცია აღიარებს გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას დაიმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ კაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა.
საქართველომ 2017 წელს მოახდინა სტამბოლის კონვენცია რატიფიცირება, რომლითაც სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა, რათა პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ რეაგირებდნენ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობაზე მსხვერპლისთვის ადეკვატური და დაუყოვნებლივი დაცვის შეთავაზების გზით (მუხლი 50). ამასთან, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, გაითვალისწინოს საკმარისი რაოდენობის შესაფერისი და იოლად ხელმისაწვდომი დახმარების ცენტრების გახსნა გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლისთვის სამედიცინო და სასამართლო-სამედიცინო შემოწმებების ჩატარების, ტრავმის შემთხვევაში დახმარების დაკონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფის მიზნით (მუხლი 25).
აღნიშნულ საქმეში აშკარად იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტის დარღვევა, რაც საქართველოში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით დაგენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს. ევროპის საბჭოს მიერ 2020 წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, მიუხედავად სექსუალური ძალადობის გავრცელებისა, კვლავ დაბალია მასზე სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებისა და ამ შემთხვევებზე მართლმსაჯულების განხორციელების მაჩვენებელი. “კვლევის პერიოდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე („112“) 316 შეტყობინება დაფიქსირდა სრულწლოვანი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ. იმავე პერიოდში პირს გამამტყუნებელი განაჩენი სექსუალური ძალადობისთვის მხოლოდ 20 შემთხვევაში შეეფარდა.”
ამასთან, აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთი უმძიმესი გამოვლინებაა არასრულწლოვნებთან მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობისა, რომლისთვისაც არასრულწლოვნის ინტერესები არ არის უპირველესი საზრუნავი მართლმსაჯულების სისტემაში და წამოწყებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, მოზარდთა საჭიროებები მუდმივად უგულებელყოფილია. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს არასრულწლოვნების მხარდაჭერის და დაცვისსპეციალური მიდგომები გამოძიების პროცესში, იგი საკუთარ როლს ვიწროდ პასუხისმგებელი პირის გამოვლენაში ხედავს. გარდა ამისა, არ არსებობს ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისები, რომელიც მისაწვდომი იქნება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. დღეს არსებულ კოორდინატორების სამსახურებს პროკურატურის სისტემაში და შსს-ში რესურსების ნაკლებობა აქვთ და სათანადო სერვისებს ვერ სთავაზობენ ძალადობა გამოვლილ ქალებსა და გოგონებს.
არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას. სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით. ლუკა სირაძის თვითმკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, ამ საქმით კვლავაც თვალნათელია მართლმსაჯულების და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაუმართაობა და უმოქმედობა, მათ შორის კოორდინაციისდა ურთიერთგაძლიერების მიდგომების სისუსტე. ეს კი, დაუცველს ტოვებს ბავშვებს, რომელთა საუკეთესო ინტერესების დაცვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შინაარს გამოცლილ მიზნად რჩება.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ
სამართალდამცავ უწყებებს:
- ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად იყოს გამოძიებული ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის, ისევე როგორცმის მიმართ სექსუალური ძალადობის ეპიზოდები და საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ.
- გამოძიების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადგინდეს რამდენად ქმედითი და დროული იყო პირველადი გამოძიება არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამოძიების ნაწილში;
- ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ დანაშაულთა დროულ იდენტიფიცირებას, ეფექტურ გამოძიებას და სისხილსსამართლებრივ დევნას, მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით.
საქართველოს მთავრობას:
- საზოგადოების მაღალი ჩართულობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია დასამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს;
- განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე და უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მიმართ ინტერ-უწყებრივი ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას, მსხვერპლთა მხარდაჭერასა და დამნაშავეთა სათანადო პასუხისმგებლობას.
- უზრუნველყოს, რომ იმ საქმეებზე, სადაც არასრულწლოვანი პირები ფიგურირებენ, განსაკუთრებით სქესობრივი დანაშაულის შემთხვევებში, ექსპერტიზა მაღალი მგრძნობელობით, დროულად და ჯეროვნად ჩატარდეს.
- დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკაში გაიაზროს დანაშაულის სტრუქტურული სოციალური მიზეზები, მსხვერპლის სპეციალური საჭიროებები და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და გააძლიეროს სხვადასხვა უწყებებსშორის კოორდინაციისა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მუშაობა, შექმნას შესაბამისი სერვისები როგორცთბილისში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
გააზიარე: