სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, რომელიც ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა, 22 მარტს პროკურატურამ დაზარალებულად სცნო. დამატებით, საიამ, რომელიც სამირა ბაირამოვას უფლებებს იცავს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოითხოვა მისი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა. გამომდინარე იქედან, რომ იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის (დევნა) ნიშნები, საიამ ასევე, მოითხოვა გამოძიების ამ მიმართულებითაც წარმართვაც.
წარდგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. 2022 წლის 04 აპრილს საია-ს ეცნობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხნენ მოწმეები და შესწავლილი იქნება საია-ს მიერ განცხადებაში მითითებული საკითხები. ასევე, პროკურატურამ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოიყენა დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დამნაშავე პირების გამოკვეთა და მათთვის ბრალის წარდგენა ამ დრომდე არ მომხდარა.
საია აგრძელებს სამირა ბაირამოვას უფლებების დაცვას და მოუწოდებს პროკურატურას, დროულად გამოავლინოს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი.
გააზიარე: