სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

2014-02-28 06:31
Featured image
2014 წლის 27 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  ,,ილია ჭანტურაიას საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე  გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმეზე მოსარჩელე ილია ჭანტურაიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. სარჩელი ეხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს უპატივცემულობისათვის პროცესიდან მხარის ან მისი ადვოკატის გაძევებას და მათ დაჯარიმებას, ისე რომ არც მხარეს და არც მის ადვოკატს არ ჰქონდათ გაძევებამდე მათი ქმედებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების წარდგენის შესაძლებლობა. გაძევებული და დაჯარიმებული პირი ასევე მოკლებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობას.
 
სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა საიას მოსაზრება და მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ეწინააღმდეგება სასამართლოს უპატივცემულობისათვის მხარის და მისი ადვოკატის გაძევება, მათი დაჯარიმება, თუკი წინასწარ არ ტარდება ზეპირი მოსმენა. ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია პირისათვის მისი გაძევებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების აკრძალვა. იქვე საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აუცილებელი არ არის ზეპირი მოსმენის ჩატარება, როდესაც სასამართლო აძევებს არა მხარეს ან მის ადვოკატს, არამედ სხდომაზე დამსწრე პირს.
 
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც შეიცავდა იმავე ჩანაწერს, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი. წინა წელს საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რითაც შესაძლებელი გახდა გაძევებისა და დაჯარიმების შესახებ მიღებული განკარგულების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში. თუმცა ეს ცვლილებაც კი არ აძლევს მხარეს და მის ადვოკატს იმის შესაძლებლობას, რომ გაძევებამდე ან დაჯარიმებამდე ზეპირ სხდომაზე ჰქონდეთ მათი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
 
საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც მხარეს და მის ადვოკატს გაძევებისა და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მისცემს მათი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობას.