სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი

2006-12-20 20:00
Featured image

საკონსტიტუციო სასამართლოში ამა წლის ივლისიდან მოყოლებული განიხილებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის გაერთიანებული სარჩელი. საქმე შეეხებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლების  იმ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც მოსამართლეს უფლება ჰქონდა, სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოეტანა საბოლოო განკარგულება პირის დაპატიმრების შესახებ.

მოსარჩელეთა აზრით, სადაო აქტი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კოსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს, მე-6 მუხლსა და ამავე კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლს.
 
საქმეზე მოწვეულმა სპეციალისტებმა: თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირინე აქუბარდიამ, პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ და ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა სრულად გაიზიარეს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა არგუმენტები და დაადასტურეს სადაო ნორმათა წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. წარმოგიდგენთ აღნიშნული გადაწყვეტილებისა და მოსარჩელეთა არგუმენტაციის მოკლე ანალიზს:

ა) მოსამართლის მიერ ადგილზე თათბირით, ან ზეპირი მოსმენის გარეშე დაპატიმრების განკარგულების მიღება, დამრღვევს ართმევს უფლებას, დაიცვას თავი პირადად, ან დამცველის მეშვეობით (საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 42, პუნქტი 3; ევროკონვენცია - მუხლი 6).

სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ბ) თავისუფლების აღკვეთის განკარგულების გასაჩივრების შეუძლებლობა ეწინააღმდეგება პირის უფლებას, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ასევე უფლებას, გაასაჩივროს ზემოაღნიშნული განკარგულება (საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 18 - პუნქტი 1; ევროკონვენცია მუხლი 5 - პუნქტი 4, მუხლი 6; ევოკონვენციის მე-7 ოქმი – მუხლი 2).

- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

გ) სასამართლოს (მოსამართლის) მიმართ გამოხატული უპატივცემლობისათვის დამრღვევის დაპატიმრების განკარგულების გამოტანა იმავე მოსამართლის მიერ, წარმოადგენს მისი მიკერძოებულობის საფუძველს, რაც ეწინააღმდეგება უფლებას სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლოზე (საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 42; ევროკონვენცია - მუხლი 6).

- კოლეგიის წევრთა ხმები ამ საკითხზე თანაბრად გაიყო, რაც არ არის საკმარისი ნორმის არაკონსტიტუციურობის დასადგენად. თუმცა, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება და საჭიროდ მიიჩნია კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება, რათა გამოირიცხოს სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისა და მოსამართლის მიერ კანონის სუბიექტური გაგების შესაძლებლობა.

დ) სასამართლოში წესრიგის დამრღვევის დაპატიმრება ხდება აქტით, რომელიც საპროცესო კოდექსის ტერმინთა განმარტებით არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს.

აღნიშნულ საკითხზეც კოლეგიის წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, შედეგად სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლომ მოსარჩელეთა პოზიციის გათვალისწინებით ხაზი გაუსვა, რომ აქტი, რომლითაც ხდება თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს არა მხოლოდ მოხსენიებული, არამედ აუცილებელია მისი ფორმის, შინაარსისა და მიღების წესის ადეკვატური დაკონკრეტება.
 
მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეთა არგუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა. შესაბამისად, დადგენილ იქნა - სისხლის სამართის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-6 ნაწილის - წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტსა და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან.  სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან (ამა წლის 15 დეკემბერი, 16:00 საათი).