სიახლეები
2020 წლის 4 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს კიდევ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა. საია იცავდა ერთ-ერთი მოქალაქის ინტერესებს, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი 0,00000126 გრამი მეტამფეტამინის შენახვისთვის. ეს არის ნარკოტიკის მოხმარების შედეგად ჭურჭელში დარჩენილი თვალით უხილავი ნივთიერება, ჭურჭლის ანაფხეკი, რომლის არათუ გასაღება, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ამ თვალით უხილავი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. (საია-ს სარჩელი გაერთიანდა კიდევ ერთი პირის მიერ წარდგენილ სარჩელთან და მათი განხილვა ერთად მოხდა).
საია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ადამიანი დასჯა ისეთი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის, რომელის არათუ გავრცელება არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელი იყო, წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. კონსტიტუციის მე-9 მუხლი კრძალავს არაადამიანური სასჯელის გამოყენებას. საიას არგუმენტები საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა და ძალადაკარგულად სცნო ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, რაც მოსახმარად არის გამოუსადეგარი.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალებაა მოსახმარად გამოსადეგი, ეს ყოველ კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით უნდა განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ.
საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს განჩინება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარების გზაზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.
გააზიარე: