სიახლეები
2022 წლის 23 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა განჩინება საქმეზე ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე, არაკონსტიტუციურად სცნო ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური 50 წლის ასაკის მიღწევისას თანამდებობას ავტომატურად ტოვებდა. ამ საქმეში მოსარჩელე მხარის ინტერესებს იცავდნენ საიას იურისტები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 18 დეკემბერს არაკონსტიტუციურად სცნო საერთო სასამართლოს მანდატურის ავტომატური გათავისუფლება 50 წლის ასაკის მიღწევისას, ამის მიუხედავად, მსგავსი შეზღუდვა ძალაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურთან მიმართებაში. საერთო სასამართლოს მანდატურები და საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურები ასრულებენ მსგავს ფუნქციებს - მოსამართლეების და სასამართლოს შენობაში მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვას. მათ აქვს საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების დაკავების და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილება. 2018 წლის 18 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში, რაც ეხებოდა საერთო სასამართლოს მანდატურის სავალდებულო საპენსიო ასაკს, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ 50 წელი არ წარმოადგენს იმ ასაკს, რომლის მიღწევისას ადამიანს უქვეითდება უნარები, რის გამოც ვერ შეძლებს საერთო სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სათანადოდ განხორციელებას. უფრო მეტიც, 50 წელს მიღწეულ პირს შესაძლოა უფრო მეტი ფიზიკური უნარიც კი აღმოაჩნდეს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, ვიდრე უფრო მცირე ასაკის მქონე პირს აქვთ. ამის გამო, 2018 წლის 18 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საერთო სასამართლოს მანდატურებისათვის დაწესებული შეზღუდვა - 50 წელს მიღწევისას წასულიყვნენ დაკავებული თანამდებობიდან. ვინაიდან მსგავს საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა საქმის არსებითი განხილვის გარეშე, გამწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურისათვის დაწესებული სავალდებულო საპენსიო ასაკის არაკონსტიტუციურად ცნობა. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 2022 წლის 23 დეკემბერს გამწესრიგებელ სხდომაზე მიღებული განჩინებით არაკონსტიტუციურად სცნო ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას 50 წლის ასაკის მიღწევისას. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის მე-11 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების დარღვევა. კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას, მათ შორის ასაკობრივი ნიშნით. კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება იცავს საჯარო მოხელეს თანამდებობრივი უფლებამოსილების უსაფუძვლოდ შეწყვეტისაგან.
გააზიარე: