სიახლეები
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი პირის ოჯახის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
საქმის განხილვა სასამართლოში 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვერ შეასრულეს კანონით მათთვის დაკისრებული ვალდებულება დაეცვათ მოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა სტიქიური უბედურების დროს, რასაც მოჰყვა პირის გარდაცვალება. სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება სათანადოდ, ასევე დადგინდა რომ უშუალოდ სტიქიის დროს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაკოორდინირებული მოქმედებების გამო თავიდან ვერ იქნა აცილებული მძიმე შედეგი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული. დაზარალებულების ინტერესებს 2015 წლიდან დღემდე საია იცავს.
გააზიარე: