სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებით საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა

2014-02-14 02:31
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2014 წლის 14 თებერვლას, კვლევის - საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენის ვალდებულება (საქართველოში არსებული პრაქტიკა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის კავშირის გამოცდილება) პრეზენტაცია გამართა.
 
საიას მიერ მომზადებული კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ:
 
საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენაზე პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულებები და მის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოები ფორმალურად უდგებიან აღნიშნულ პროცესს. მათ მიერ არ ხდება ისედაც მწირი ვალდებულებების შესრულება, იქნება ეს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საჯარო ინფორმაციის ანგარიშების „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებრესურსზე გამოქვეყნება, თუ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის დადგენილი წესით წარდგენა. 
მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენა უნდა ემსახურებოდეს, როგორც საჯარო ინფორმაციის კუთხით ადმინისტრაციული ორგანოების ფუნქციონირებისას ანგარიშვალდებულების გაზრდას, ასევე, არსებული მდგომარეობის შეფასებას, პრობლემების გამოვლენასა და მათ შემდგომ დახვეწას. 
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გარდა იმისა, რომ არსებობს ანგარიშების წარდგენის საერთო და ყოვლისმომცველი გაიდლაინები, ასევე, იკვეთება მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს არსებობის საჭიროება. ამასთან, საზღვარგარეთის იმ ქვეყნებში, რომელსაც საიას კვლევა შეეხო, მსგავსი ხასიათის საზედამხედველო ორგანოები უმეტესწილად ფლობენ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწის კუთხით რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილებას. შესაბამისად, მათი მხრიდან საჯარო ინფორმაციის ანგარიშების დეტალური შინაარსობრივი შესწავლა ქმნის როგორც კანონმდებლობის, ისე დამკვიდრებული პრაქტიკის სამომავლო დახვეწის გარანტიას.
 
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ:
 
უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა და მოხდეს საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენის ვალდებულების დეტალური რეგულირება, რომელიც საერთო უნდა იყოს ყველა საჯარო დაწესებულებისათვის. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოიცავდეს ანგარიშების წარდგენის შემდგომი პროცესის განმსაზღვრელ კონკრეტულ წესებს;
 
აუცილებელია, განისაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, რომლის ვალდებულებაც იქნება არსებული საჯარო ინფორმაციის ანგარიშების როგორც კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ისე მისი შინაარსის დეტალური გაცნობა, ხარვეზების გამოვლენა და მათზე შემდგომი რეაგირება.