სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განახორციელა საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის პრაქტიკაში აღსრულების მონიტორინგი, რაც ეხებოდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზი, რეორგანიზაციის პროცესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების მომზადება.
მონიტორინგის პროცესში შესწავლილი იყო შემდეგი საკითხები: შემცირებული ფინანსური ხარჯების ოდენობა და ძირითადი მიმართულებები; რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა, ხანგრძლივობა და მოთხოვნები; რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა და მათი შერჩევის კრიტერიუმები; რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთათვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობა.
12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტოების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა შეადგენს 55 მლნ 344 ათას ლარს. სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა, სულ 39 მლნ ლარი - შეამცირეს შრომის ანაზღაურების ნაწილში, რაც ძირითადად გამოიხატა პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებასა ან/და მთლიანად გაუქმებაში. რეორგანიზაცია, რომელმაც გამოიწვია შტატების შემცირება განხორციელდა 5 სამინისტროში, კერძოდ: თავდაცვის; ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რის საფუძველზეც სულ გათავისუფლდა 2300 საჯარო მოხელე. გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა არის 5 მილიონ 322 ათას 300 ლარი.
5 თვითმმართველი ქალაქის (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ფოთი) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თვითმმართველმა ქალაქებმა საბიუჯეტო ხარჯები შეამცირეს სულ 3 მლნ 630 ათასი ლარით, ხოლო აიპების დაფინანსება 1მლნ 220 ათასი ლარით. გარდა ამისა, ააიპებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ სამსახურიდან გათავისუფლდა 137 თანამშრომელი.
საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრმა, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით, საჯარო სამსახურში შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით გაწია 32 კონსულტაცია, მოამზადა სამი სარჩელი, ხოლო 2 საქმეზე გასწია საადვოკატო მომსახურება. სარჩელები მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (1), რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა (1) და სსიპ-ის „ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ წინააღმდეგ (1), გარდა ამისა 1 საადვოკატო საქმე წარმოებაშია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და 1 საქმე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ.
საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზისა და შეფასების შედეგად გამოვლინა შემდეგი პრობლემური საკითხები:
- მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა განხილული სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შედეგები, ასევე საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია ეფექტური კონტროლი სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე;
- სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს ჰქონდათ არაერთგვაროვანი და განსხვავებული მიდგომები საბიუჯეტო სახსრების შემცირების პრიორიტეტებისა და ოდენობის თაობაზე, რაც განპირობებული იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი ხედვის არარსებობით;
- სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ შრომის ანაზღაურების ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლოა უარყოფითად აისახოს საჯარო მოხელეთა ფინანსურ გარანტიებსა და მოტივაციაზე, ასევე გამოიწვიოს საჯარო დაწესებულებიდან პროფესიონალი კადრების გადინება;
- მინისტრების მიერ რეორგანიზაციის თაობაზე გამოცემული ბრძანებები სტანდარტული და ფორმალური ხასიათისაა, სადაც გაწერილია მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე საჯარო მოხელეთა გაფრთხილების მოთხოვნა. მინისტრთა ბრძანებების უმეტესობა არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა: რეორგანიზაციის პროცესის ხანგრძლივობა, რეორგანიზაციის ჩატარების წესი და მოთხოვნები, საკადრო აუდიტის ჩატარების აუცილებლობა და რეკომენდაციების მომზადება შტატების შემცირების საჭიროების თაობაზე;
- საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ ნათლად გაწერილი კრიტერიუმები რეორგანიზაციის პროცესში გასათავისუფლებელ საჯარო მოხელეთა შესარჩევად. სამინისტროების უმეტესობა არ წარმოადგენს დასაბუთებას, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით შეირჩა და გათავისუფლდა კონკრეტული საჯარო მოხელე.
- დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს, თვითმმართველობის ორგანოების მიერ აიპების რეორგანიზაცია და მათი დაფინანსების შემცირება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განხორციელდა ნაჩქარევად და მოკლე ვადებში, არსებობს კითხვები, თვითმმართველი ქალაქების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჭიროებისა და მიზანშეწონილობის თაობაზე.
კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე
გააზიარე: