სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თავმჯდომარე დიმიტრი შაშკინს წერილობით მიმართავს

2009-10-27 20:00
Featured image
ბატონო დიმიტრი,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას  მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს რამდენიმე კოლექტიური განცხადებით მომართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა.

აღნიშნულ განცხადებებს ხელს აწერს დაწესებულების 23-ე, 25-ე, 26-ე საკნებში მყოფი 62 მსჯავრდებული, რითაც ისინი ერთხმად ადასტურებენ დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობას. კერძოდ, მსჯავრდებულთა პრეტენზიები ეხება:

  • საცხოვრებელ პირობებს (გადატვირთულობა, ანტისანიტარია, განათებისა და ვენტილაციის პრობლემა);
  • ჯანმრთელობის მდგომარეობას (ექიმთან კონსულტაციებისა და მედიკამენტების სიმცირე);
  • ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას.

აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულები გაუსაძლისი პირობების გამო ჩივიან. მიმდინარე წლის 9 თებერვალს ჩვენს მიერ თქვენთვის გადმოგზავნილი იქნა ანალოგიური შინაარსის საჩივარი.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და სამინისტრომ  ყველა საშუალებით უნდა  უზრუნველყოს მსჯავრდებულთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზება და მინიმალური სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნა.

აქვე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკვშირებით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არცერთ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლისა და იქ არსებული მდგომარეობის შესწავლის უფლება არ აქვს. ამას ემატება ისიც, რომ წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ ამოქმედდება. ყოველივე კი ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მოგვცეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში  შესვლის ნებართვა იქ არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

თამარ ხიდაშელი
თავმჯდომარე