GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

22 თებერვალი, 2023

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა განჩინება საქმეზე „გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ.“ საკონსტიტუციო სასამართლომ გამარტივებული წესით, საქმის არსებით განხილვაზე, დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა 65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლებას აკადემიური თანამდებობიდან (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი). საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე გააუქმა ის ნორმა, რომელიც 65 წელს გადაცილებულ პირს უკრძალავდა აკადემიური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული ნორმებით ხდებოდა 2018 წლის 22 თებერვლის N/2/2/863 გადაწყვეტილების (ე. წ. „აკადემიკოსების საქმე“) დაძლევა[1]. „აკადემიკოსების საქმეში“ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ნორმა, რომელიც 70 წელს მიღწეულ აკადემიკოსს უკრძალავდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აკადემიური თანამდებობის პირისათვის დაწესებული შეზღუდვა, 65 წლის ასაკის მიღწევისას დაეტოვებინა თანამდებობა, იყო „აკადემიკოსების საქმეში“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი. ვინაიდან მსგავს საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, ამის გამო სასამართლომ აუცილებლად აღარ მიიჩნია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება და განმწესრიგებელ სხდომაზე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 65 წლის ასაკის მიღწევისას ადამიანის იძულება გადადგეს აკადემიური თანამდებობიდან ან არ დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, არის ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია. ამგვარი დისკრიმინაცია აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. 65 წლის ასაკს მიღწეული პირი არ კარგავს იმ ინტელექტუალურ უნარებს, რაც აუცილებელია პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის მოვალეობის შესასრულებლად. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით აღნიშნული პოზიციების დასაკავებლად სახელმწიფო უნივერსიტეტებში ასაკობრივი შეზღუდვა აღარ არსებობს. 

მოსარჩელეების (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი აკადემიური თანამდებობის პირები) ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. 

 

 ამ საქმეს საია ,,ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა“ ფარგლებში აწარმოებდა.

 


[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის N2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 

სხვა სიახლეები