სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას საგანგებო განცხადება

2014-01-29 05:05
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის მონიტორინგი წარმოადგენს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ არაერთხელ მოგვითხოვია პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების დაწყება. საიას განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის შემთხვევები, სადაც მოქალაქეები პოლიციელების მხრიდან ცემასა და სხვა სახის ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებენ. სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილ თითქმის ყველა მსგავს შემთხვევაში გამოძიება ან საერთოდ არ დაიწყო, ან დაიწყო, მაგრამ ადეკვატურად და ეფექტურად არ წარიმართა. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულება ქმნის მსგავსი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობის გაზრდის მაღალ რისკს.
 
ბოლო პერიოდში საიას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ რამდენიმე მოქალაქემ მომართა. ერთ-ერთი მათგანი საუბრობს წამებაზე. თითოეულ შემთხვევაში საიას ადვოკატები უშუალოდ შეხვდნენ მოქალაქეებს. მათ მიერ დაწერილ დეტალურ ახსნა-განმარტებებში არსებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია ყველა მათგანი დაუყოვნებლივ იქნეს სათანადოდ გამოძიებული.
 
მოქალაქე ლაშა შათირიშვილი 2013 წლის 24 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს.  მას ბრალად  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შენახვას გულისხმობს. მისი თქმით, დაკავების დროს  პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, აღნიშნულის შესახებ განცხადების შემთხვევაში ნარკოტიკის დადებით დაემუქრნენ. ლაშა შათირიშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა. მოქალაქის სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ანკეტა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები ადასტურებს.
 
მოქალაქე ირაკლი წულაძე 2013 წლის 18 ნოემბერს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი განმარტებით, დაკავების დროს ირაკლი წულაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდა. ი. წულაძის სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი  შეყვანისას ექიმის მიერ  დაფიქსირებული დაზიანებები მოწმობს.
 
მოქალაქე გ.ხ. 2013 წლის 24 სექტემბერს ღამის საათებში ძვ. თბილისის N5 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. მისი თქმით,  სხვა მოქალაქეების მსგავსად, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გ.ხ.-ს სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი  შეყვანისას ექიმის მიერ  დაფიქსირებული დაზიანებები ადასტურებს.
 
მოქალაქე დავით ჩაჩუას განცხადების მიხედვით, ის 2014 წლის 19 იანვარს პოლიციის თანამშრომლებმა  გამთენიისას დააკავეს და  ვაკე-საბურთალოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს (ტელევიზიის გვერდით). როგორც დავით ჩაჩუა ამბობს, მას თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამის შემდეგ გაათავისუფლეს. 
პოლიციელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრობს მოქალაქე გიორგი ჯიქურაშვილი. ის მიუთითებს, რომ ძალადობის შედეგად აიძულეს ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. გარდა პოლიციელებისა, გ.ჯიქურაშვილის ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია ერთ-ერთი პროკურორის მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედება.
 
საიას განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მოქალაქე შიო კობიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მისი თქმით, 2013 წლის 27 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე, ვარდების მოედანზე, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და სამმართველოში გადაიყვანეს. შ.კობიძის განცხადებით, პოლიციაში ის აწამეს, 4-5 ადამიანი დაუზოგავად სცემდა, ჭრილობაში ავტოკალამს აჭერდა, აგინებდა,  ,,ცოცხების“ გამოყენებით აშინებდა და დაინვალიდებას პირდებოდა. სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. შ.კობიძის ინფორმაციით წამების ფაქტის უშუალო მოწმეა მისი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად დააკავეს. შ.კობიძე მიუთითებს, რომ ადვოკატთან ერთად ბოლო სამი თვის განმავლობაში ითხოვს გამოძიების დაწყებას, თუმცა უშედეგოდ. 
 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ნიშნებს და გამოძიების დაუყონებლივ დაწყებას საჭიროებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dikme v. Turkey  (78 პუნქტი) განმარტა, რომ როდესაც პიროვნება პოლიციასთან ურთიერთობამდე  ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო პოლიციასთან ურთიერთობის შემდეგ დაზიანებები აღენიშნება, სახელმწიფოს ვალდებულია აღნიშნული დაზიანებების შესახებ დამაჯერებელი განმარტება წარმოადგინოს. მსგავსი დამაჯერებელი განმარტებები არცერთ ზემოაღნიშნულ ფაქტზე არ გაკეთებულა. უფრო მეტიც, მიუხედავად კანონით დადგენილი პირდაპირი ვალდებულებისა, რიგ შემთხვევებში გამოძიება საერთოდ არ დაიწყო.
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება №34 პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლის ქვემდებარეობას განეკუთვნება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ თითოეულ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე აწარმოოს ეფექტური, ობიექტური გამოძიება. მოვითხოვთ, დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, თითოეულ პირს კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით დაეკისროს ადეკვატური პასუხისმგებლობა. ამავე დროს, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს თუ რამდენად ეფექტურია სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო-უწყებრივი ქვედებარეობის მოქმედი წესი და ხომ არ იქნება უმჯობესი პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე შექმნას სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების უკეთესი მექანიზმი.