GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

09 ოქტომბერი, 2015

2009 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანაშრომლობით, 2009 წლის 15 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილე ათი პირის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. 2015 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი  ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინებარომელიც სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საჩივარი „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

საჩივარი ეხება 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენულ იქნა არაპროპორციული ძალა. პოლიციელების მხრიდან მომჩივანთა ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა ასევე მთავარი სამმართველოს შენობაში, სადაც აქციაზე დაკავებული პირები  მიიყვანეს. აღნიშნულის შედეგად, მომჩივნების ნაწილმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.

აქციის დაშლის შემდეგ რამდენიმე მომჩივანს, სამართალდამცავთა ორგანოს წარმომადგენლისადმი დაუმორჩილებლობისთვის, სასამართლოს მიერ ოცდაათ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას . ჭიქაშვილის, . მესხის და . ჩითარიშვილის წინააღმდეგ დაირღვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კერძოდ, მათ არ მიეცათ საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი დაცვის მოსამზადებლად.

2009 წლის 19 ივნისს  მომჩივანთა ნაწილმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან  დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართააღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მომჩივნებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გაეცნონ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციით საქართველოს მთავრობამ  აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა გიორგი ბექაურის, მიხეილ მესხის, გიორგი ჩითარიშვილის, ვახტანგ მაისურაძის და ლუკა წულაძის მიმართ, განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობის გამო; ასევე, კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა  მერაბ ჭიქაშვილის, მიხეილ მესხის და გიორგი ჩითარიშვილის მიმართ და კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა ყველა მომჩივანთან მიმართებით, რადგან მათ ვერ შეძლეს ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრების უფლებით.

ამასთან, წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის ფარგლებში მთავრობამ  2009 წლის 15 ივნისს მომჩივნებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების ფაქტზე ეფექტური გამოძიების ჩატარების და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღოსაია აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ჩატარება სავალდებულო პირობაა. საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჩივარი  ევროპული სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიაში აღდგება. ვიმედოვნებთ, რომ  გამოძიება ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარიმართება და მომჩივნები კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ჩართულნი იქნებიან გამოძიების პროცესში

ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს. საია განჩინების აღსრულებას აქტიურად დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 15 ივნისის აქციასთან დაკავშირებით,  საიამ დამატებით ორი დამოუკიდებელი საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს. ერთ-ერთ (სტუდია მაესტრო საქართველოს წინააღმდეგ, #22318/10) საჩივართან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ განჩინება 2015 წლის 30 ივნისს გამოიტანა,[1] მეორე საჩივარი კი (მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, #4731/10)[2] სასამართლოს მიერ განხილვის პროცესშია.

 

 

  

 

სხვა სიახლეები