სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას პასუხი საქართველოს თავდაცვის მინისტრს

2016-01-28 14:39
Featured image

გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ, 27 იანვარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც მან სპეც უბნების თემაზე მედიასთან გააკეთა. მინისტრმა უარყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სპეც უბნების საკითხით დაინტერესების ფაქტი და განაცხადა, რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მისთვის ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელი პირისთვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით არ მიუმართავს. მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი საიას თანამშრომლებს, „ორგანიზაციის პატივისცემის“ და „ცოტა მეტი პროფესიონალიზმისკენ“ მოგვიწოდა.[1]

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საიამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ ერთობლივი ბრიფინგი გავმართეთ და სპეც უბნების თემაზე ხელისუფლების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები შევაფასეთ და განვაცხადეთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც სამხედრო ნაწილებში სპეც უბნების გაუქმებას ითვალისწინებს, არსებითად ვერ ცვლის სამხედრო მოსამსახურეების მიერ არჩევნებში მონაწილეობის კუთხით არსებულ პრობლემას და სამხედრო მოსამსახურეების ხმებით მანიპულაციის რისკებს ტოვებს.[2] კანონმდებლობის ხარვეზები და მათი შესაძლო არაკეთილსინდისიერად გამოყენების საკითხი არაერთ არჩევნებზე გამხდარა როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. იმის შესაფასებლად, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი კვლავ ტოვებს არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკებს, არანაირი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საჭირო არ არის.

რაც შეეხება კონკრეტულ სპეც უბნით საიას დაინტერესებას, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2016 წლის 14 იანვარს წერილობით მივმართეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამ უწყებას და  გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. [3]

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პასუხი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე არ მიგვიღია, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, წარმოადგენს უარს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არღვევს საქართველოს კანონმდებლობას.

ამასთან აღვნიშნავთ, რომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ არგუმენტებზე დაფუძნებული პასუხის ნაცვლად, თუ რატომ არ ხდება სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის წესის არსებითი ცვლილება და რატომ რჩება სამხედრო მოსამსახურეების ხმებით შესაძლო მანიპულაციის რისკები, ან ჩვენი პოზიციის საგნობრივად გაბათილების ნაცვლად, მინისტრი ცდილობს შელახოს ამ ორგანიზაციებისა და მისი წარმომადგენლების საქმიანი იმიჯი.  მიგვაჩნია, რომ ასეთი განცხადებები შეუთავსებელია და ვერ შეუწყობს ხელს პრემიერ-მინისტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორულ და კონსტრუქციულ ურთიერთობების ორი დღის წინ დეკლარირებულ პოლიტიკას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მსგავს განცხადებებს აკეთებენ. სამწუხაროა, რომ საპირწონე არგუმენტების არარსებობის პირობებში, ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების შეურაცხყოფასა და მათი საქმიანი ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ. განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა ამას არასამთავრობო სექტორის ყოფილი წარმომადგენლები აკეთებენ.

მიგვაჩნია, რომ პროფესიონალიზმი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უპირველესად კეთილსინდისიერებას მოითხოვს და კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე ღიად საუბარს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, გავმართოთ ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელთან თუ უწყებასთან საგნობრივი დისკუსია, მაგრამ მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციის გაჩუმების მცდელობა, რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს.

 


[1] http://www.interpressnews.ge/ge/politika/363690-thina-khidasheli-arasamthavroboebs-da-gansakuthrebith-saia-s-qcota-met-profesionalizmiskenq-moutsodebs.html

[2] https://gyla.ge/ge/post/khelisufleba-samkhedro-mosamsakhureebis-khmis-micemis-tsess-arsebitad-ar-cvlis

[3] 14.01.16 გ-04/09-16, შიდა #380020 MOD 416