სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადებას გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია ეხმაურება

2007-06-25 20:00
Featured image

25 ივნისს, საიას რუსთავის ფილიალში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ და საიას რუსთავის ოფისის იურისტებმა საქართველოს გაერთინებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისს დახმარებისთვის 71-მა მოქალაქემ მიმართა.

რუსთაველები აცხადებენ, რომ მიუხედავად მასობრივი გამრიცხველიანებისა მათ ელექტრომრიცხველებზე დაფიქსირებულ ციფრებს ენერგოკომპანია არარეალურად მიიჩნევს და მოსახლეობას ჯარიმის სახით დამატებით გადასახადს აკისრებს.

ამას გარდა, მოსახლეობა ენერგოკომპანიის სხვა დარღვევებზეც საუბრობს. კერძოდ:

• აბონენტი ტოვებს საცხოვრებელ ბინას ერთ თვეზე მეტი ვადით. ბუნებრივია, მრიცხველი წყვეტს მუშაობას. მიუხედავად ამისა, ენერგოკომპანია მაინც აკისრებს ოჯახს გადასახადს;
• ერთ-ერთ ოჯახს ერთი თვის გადასახადი 17 000 ლარი მიუვიდა;
• ერთ აბონენტთან მიდის ორი სხვადასხვა გადასახადის ქვითარი, ორივე გამოწერილია ერთსა და იმავე მისამართზე სხვადასხვა დანახარჯის მაჩვენებლით;
• ჩაკეტილ სივრცეში ჩამონტაჟებულ მრიცხველების სახელმწიფო ლუქის (რომელთანაც კონტაქტის საშუალება მხოლოდ ენერგომომწოდებლის წარმომადგენლებს აქვთ) დაზიანების შემთხვევაში დარიცხვა მოსახლეობის საზიანოდ ხდება;
• მრიცხველზე, რომელიც რამდენიმე წელია გამორთულია და ამაზე ენერგომომწოდებლის მიერაც ოქმია შედგენილი, იწყება დარიცხვა;
• დაჯარიმებულ ოჯახებზე, რომელთაც საერთოდ გათიშული აქვს ელექტრო ენერგიის მიწოდება _ იწყება პირობითი დარიცხვა;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისი აღნიშნულ ფაქტს მომხმარებელთა უფლებების დარღვევად მიიჩნევს და რამდენიმე მათგანს უკვე იცავს სასამართლო პროცესებზე.

ბრიფინგის დამთავრების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთეს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა. ისინი აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ყველა საქმეს დეტალურად შეისწავლიან და აღნიშნულ პრობლემას მალე მოაგვარებენ.

ამასთან ერთად, საია სემეკს სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის და თხოვს, რომ რუსთავში გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მიერ ზემოაღნიშნულ პრობლემების მოსაგვარებლად შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი.