სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით

2014-12-15 09:00
Featured image
მედიაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია - “RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. სამუშაოების განახლების საფუძვლად კომპანიამ, 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის #03/226 და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის #2/271 ბრძანებები მიუთითა. კომპანიის მხრიდან სამინისტროს და სააგენტოს გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებამ პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ დააყენა  მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა.
 
სამინისტროს და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მით უფრო შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც დღემდე არ არსებობს ინფორმაცია მიმდინარეობს, თუ არა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოძიება საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც არქელოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტზე (დაზიანების ფაქტები სათანადო ფორმით დაფიქსირდა 2014 წლის 8 იანვარს და 13 მარტს). სამწუხაროდ, საიას არაერთი მცდელობის მიუხედავად მიეღო ინფორმაცია გამოძიების დაწყება არ დაწყების შესახებ, ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.
 
აქვე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ზემოთ აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე ,,RMG-Gold”-ის მიერ საყდრისი-ყაჩაღიანში სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:
 
• საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 12 დეკემბრის #2/271 ბრძანების მიხედვით, საყდრისი-ყაჩაღიანს მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სტატუსის მოხსნის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობის თანახამად, საყდრისი-ყაჩაღიანი დღემდე ინარჩუნებს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსს და იგი წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. ამდენად, ყველა უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების ვალდებულებაა საყდრისი-ყაჩაღიანის დაცვა და არა განადგურება;
 
• ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განჩინების საფუძველზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ბრძანების მოქმედება, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერებულია. შესაბამისად, საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების თაობაზე სათანდო წესით გამოცემული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის არ არსებობის პირობებში „RMG-Gold”-ის მიერ საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოების განახლება ეწინააღმდეგება კანონს.
 
• საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გაუმჭვირვალედ და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის უგულებელყოფით მიიღეს. საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად პროცესში არ მომხადარა დაინტერესებული პირების ჩართვა; 
 
• საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მხედველობაში არ მიიღეს ასევე ის გარემოება, რომ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებულმა პროცესებმა დიდი ხანია სასამართლოში გადაინაცვლა და რეალურად სასამართლოში არსებული დავების საბოლოო დასრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, სამინისტროს და სააგენტოს გადაწყვეტილებები ნათლად მიუთითებს, თუ რამდენად სცემენ ეს უწყებები პატივს სასამართლოს და მთლიანად საზოგადოებას;
 
• “RMG-Gold”-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებასთან, სახელმწიფოსთვის სოციალური აფეთქების თავიდან აცილებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების საკუთარ თავზე აღებასთან (აღარაფერს ვამბობთ სამეცნიერო მიმართულებით გაკეთებებულ შეფასებებზე), არცერც შემთხვევაში არ შეიძლება გამართლდეს ის რასაც ადგილი აქვს საყდრისი-ყაჩაღიანში. მითუმეტეს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების დაჩქარებული წესით  დაწყება;
 
• უცნობია, თუ რატომ  უთითებს “RMG-Gold”-ი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაზე და რატომ საუბრობს თვისობრივად ახალი არტეფაქტების  აღმოჩენის დაბალ შესაძლებლობაზე, მაშინ როცა ობიექტის კულტურულ მემკვიდრეობრივ ღირებულას არ განსაზღვრავს მხოლოდ მოსალოდნელი (აღმოსაჩენი) არტეფაქტები. ამასთან, ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარი თქვა იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ბულგარელი და გერმანელი ექსპერტების მიერ იქნა შეთავაზებული. 
 
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კვლევების მიხედვით არაერთი კითხვა არსებობს „RMG-Gold”-ისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობის თაობაზე. მათ შორის კომპანიაში დასაქმებულ პირთა შრომითი პირობების, გარემოს დაცვის, საეჭვო საფუძვლით ლიცენზიის მოქმედების ვადის უფასოდ გაგრძელების და შესაძლო კორუფციული გარიგებების არსებობის შესახებ. ამ ფონზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ბევრ კითხვას აჩენს ახალი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის შესახებ.
 
აქვე გვსურს განვაცხადოთ, რომ საია აქტიურად მიადევნებს თვალს საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას დამატებით  ინფორმაციას მიაწვდის.