GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 აგვისტო, 2015

2015 წლის 5 აგვისტოს  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის  (შემდგომში რუსთავი 2) მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, ასევე ქონების განკარგვა. აღნიშნულს წინ უძღოდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღების მოთხოვნა. 

აღნიშნული დავის მნიშვნელობა და შედეგები - მათი კონკრეტული შინაარსისაგან დამოუკიდებლად - არსებითად სცილდება მხოლოდ მოცემული სამართლებრივი დავის უშუალოდ მონაწილე პირთა ინტერესებს. კომპანიის საქმიანობა, ასევე მისი მესაკუთრეობის საკითხი, განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა, არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ზოგადად მედია კომპანიას, არამედ იმიტომაც, რომ აღნიშნული მედია კომპანია წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მაღალრეინტინგულ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე დავას ორ კერძო სუბიექტს შორის, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს იგი, გააჩნია არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტიც.
 
თუმცა, საიას მანდატის გათვალისწინებით, მოცემული შეფასება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი დავის მნიშვნელოვან ასპექტებზე. საკითხის წინასწარი შესწავლის შედეგად, იმ სამართლებრივ დოკუმენტებზე (და არა მთლიანად საქმის მასალებზე) დაყრდნობით, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია მოცემულ ეტაპზე (განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე) საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ შემდეგი:
 
1. როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ასევე პრაქტიკით, ნათელია, რომ დასაბუთებული ვარაუდის ის სტანდარტი, რომელსაც მოსამართლე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევისას იყენებს, არის ზოგადად დაბალი და დავის მონაწილე სუბიექტების თავისებურებები განსხვავებულ სტანდარტს არ განაპირობებს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლიანობას. თუმცა უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც მოსამართლეს ალბათობის მაღალი ხარისხით ჩამოუყალიბდება რწმენა, რომ უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა სამომავლოდ გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
 
2. მოცემულ დავაში აღსანიშნავია, რომ  რუსთავი 2-ის მიმართ  ისეთი ღონისძიებების გამოყენებამ, რაც  ხელმძღვანელებს და მეწილეებს უკრძალავს კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებას, შესაძლოა დააზარალოს კომპანია და შეაფერხოს მისი საქმიანობა, რაც თავის მხრივ ასახვას პოვებს მედია საშუალების ფუნქციონირებაზეც; ასეთ შემთხვევაში ცალსახაა, რომ დაზარალდება არამხოლოდ კერძო სუბიექტების, არამედ საჯარო ინტერესიც, რომელიც პლურალისტური მედია გარემოსა და კრიტიკული აზრის თავისუფლად გავრცელებაში მდგომარეობს.
 
3. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განჩინების მიღებისას მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა არამხოლოდ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით, არამედ ერთის მხრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსამართლის განსაზღვრული როლისა და მეორეს მხრივ - დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის, ასევე იმ შესაძლო შეუქცევადი ზიანის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მიადგეს მედია საშუალებას, შესაბამისად - საჯარო ინტერესს - რუსთავი 2-ის მიმართ ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შედეგად. 
 
კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ:
 
4. მოსამართლეს აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება უნდა დაესაბუთებინა არამხოლოდ იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ თეორიულად არსებობს რუსთავი 2-ის დირექტორატისა და მეწილეების მიერ კომპანიის ქონების არაკეთილსინდისიერად გასხვისების ან მისი მოცულობის შემცირების საშიშროება, რაც მომავალში საფრთხეს შეუქმნის მოსარჩელის სასარგებლოდ შესაძლო მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას,  არამედ გაემყარებინა მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული მტკიცებულებებითა თუ ფაქტებით; ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმე #ას-511-821-09, 22 ივნისი, 2009 წ.  ) „ამა თუ იმ ფაქტის სამომავლოდ წარმოშობის დასაბუთებული ვარაუდი არ არის მხოლოდ პირის სუბიექტური შეფასება — ეჭვი. სამომავლოდ ამა თუ იმ ფაქტის წარმოშობის ვარაუდის დასაბუთება კავშირშია წარსულსა თუ აწმყოში უკვე არსებულ ფაქტებთან, რაც სავარაუდო ფაქტის ალბათობის მაღალი ხარისხით წარმოშობის რწენის ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს.“ 
 
5. ამასთან, ვინაიდან მოცემულ გადაწყვეტილებას შეუძლია, უარყოფითი გავლენა იქონიოს თავად მედია საშუალების საქმიანობაზე, მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპებიდან გამომდინარე და შეეფასებინა, რამდენად იყო მოსარჩელის ინტერესების დასაცავად რუსთავი 2-ის მიმართ ერთდორულად რამოდენიმე ღონსიძიების გამოყენება დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი და პროპორციული.
 
6. თუმცა,  განჩინებაში არ არის დასაბუთებული ერთდოულად რამოდენიმე ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და რატომ  არ შეიძლებოდა  იმავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ზომით. (კერძოდ, რატომ არ იქნებოდა მიზნის მისაღწევად საკმარისი, რომ მოსამართლეს არ მოეხდინა ერთდროულად რამოდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ან არ დაედო ყადაღა მთელ ქონებაზე და ამავდროულად არ აეკრძალა მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელება სრულად).
 
7. ამასთან, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გამოყენებული ღონისძიების მოქმედების ვადა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული მონაკვეთით, ხოლო განჩინების თანახმად, იგი ძალაშია არსებითი დავის დასრულებამდე, (და არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ დავა გაგრძელდეს თვეები და შესაძლოა - წლებიც), მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ზომების გამოყენებისას მოსამართლეს განსაკუთრებული სიმკაცრე უნდა გამოეჩინა მოცემული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების დასაბუთებულობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასებისას.
 
8. დაბოლოს, ორ კერძო სუბიექტის ინტერესებს შორის ბალანსის დასაცავად, ვფიქრობთ, მოსამართლეს უნდა გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და დაეცვა არამხოლოდ მოსარჩელის სამომავლო ინტერესები, არამედ ასევე მოპასუხეთა ინტერესებიც; შესაბამისად,  მას უნდა ემსჯელა  რუსთავი 2-თვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზეც.  თუმცა განჩინებაში აღნიშნულ საკითზე არაფერია ნათქვამი.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არამხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე. 
 
დაბოლოს, მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი დავა უნდა წარიმართოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტის დაცვით, რასაც ითვალისწინებს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა.
 
ამავე დროს, პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა მკაცრად თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ტიპის განცხადებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. სასამართლოში საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების თუ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა არის და იქნება ინდიკატორი სასამართლო ხელისუფლების მიერ აღნიშნული დავის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, შესაბამისად, აპოლიტიკურად გადაწყვეტისა.
 
საია გააგრძელებს აღნიშნულ საქმეზე დაკვირვებას და მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას საკუთარ შეფასებებს საქმის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით. 
 

სხვა სიახლეები