სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დახმარებით ყვარელში 2023 წლის 20 მაისს დაკავებული პირების საქმეები წარმატებით დასრულდა

2023-09-13 14:26
Featured image

საია გურჯაანის რაიონულ სასამართლოში იცავდა იმ პირების ინტერესებს, რომლებიც 2023 წლის 20 მაისს, ყვარელში მშვიდობიან შეკრებაში იღებდნენ მონაწილეობას. სამოქალაქო აქტივისტები ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოხატავდნენ პროტესტს. პროტესტი მიემართებოდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ქალიშვილის მიერ თანმხლებ სტუმრებთან ერთად ღონისძიების გამართვას. აღსანიშნავია, რომ ლავროვი და მისი ოჯახი დასანქცირებულ პირთა სიაში ერთ-ერთი პირველები არიან. როგორც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან გამოიკვეთა, ყვარლის ტბის სასტუმროს შესასვლელთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.1

აქციაზე 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და მათ მიმართ სამართალდამცავმა უწყებამ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადემი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე.

დღეს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ორივე იმ პირის მიმართ, რომელსაც საია იცავდა, შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რადგან არ დადასტურდა მათი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

აქვე აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები, რომლებიც დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ, უკანონოდ ეშლებოდათ ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, რადგან პოლიცია ადვოკატებს არ აძლევდა შესაძლებლობას, მოენახულებინათ დაკავებულები.2

 

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.


1 https://gyla.ge/ge/post/saqartvelos-akhalgazrda-iuristta-asociaciis-ganckhadeba-yvarelshi-mimdinare-movlenebze

2 https://gyla.ge/ge/post/advokatebs-dakavebul-aqtivistebtan-ar-ushveben