სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დახმარებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირი სამსახურში აღდგება

2023-06-30 12:44
Featured image

საია სასამართლოში იცავდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირს, რომელიც 2015 წლიდან იყო აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული. დასაქმებულის გათავისუფლებამდე მის მიმართ ჯერ დაიწყო დისციპლინური წარმოება, შემდეგ კი, უწყებამ მიიღო მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.

მოსარჩელემ სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც მის წინააღმდეგ მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიღებული ბრძანება, ასევე მისი გათავისუფლების ბრძანება. მოსარჩელე ასევე, ითხოვდა დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ამ დროისთვის არ არის

კანონიერ ძალაში შესული, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, მოპასუხე უწყებას დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატები წარმოადგენდნენ.