GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

06 ოქტომბერი, 2023

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკატერინე აბაშიძის სარჩელი. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.

ეკატერინე აბაშიძე 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ანტისაოკუპაციო აქციას ჟურნალისტის სტატუსით ესწრებოდა. სწორედ ამ დროს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები.

სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა, რომელიც მიმდინარეობს საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საიას დახმარებით 15-მდე პირმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.

გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში. მოსარჩელე მხარე, მორალური ზიანის ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ განიხილავს.

დაზარალებულის ინტერესებს, როგორც სასამართლოში, ისე, საგამოძიებო ორგანოში, წარმოადგენს საია.

 

სხვა სიახლეები