სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ წარადგინა კვლევის მიგნებები მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სექტორზე საზედამხედველო ფუნქციების შესრულების შესახებ

2023-05-22 12:22
Featured image

საიამ წარადგინა კვლევის მიგნებები მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სექტორზე საზედამხედველო ფუნქციების შესრულების შესახებ. კვლევამ, რომელიც საიამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა, რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოკვეთა: 

- დეპუტატები რიგ საზედამხედველო მექანიზმებს იშვიათად ან საერთოდ არ იყენებენ; პრემიერ-მინისტრი, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კომიტეტის სხდომაზე არ მოწვეულა, მოქმედი კანონმდებლობა კი გამორიცხავს ოპოზიციის მიერ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას; 

- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს არ უსარგებლია დეპუტატის კითხვის მექანიზმით, ხოლო 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე მხოლოდ 2-მა წევრმა გაგზავნა კითხვები უსაფრთხოების თემაზეამ სექტორის ადრესატებთან; 

- გამოიკვეთა, რომ უსაფრთხოების თემატიკაზე კითხვებს, ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენლები აგზავნიან, ხოლო ადრესატები მხოლოდ ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს არ სცემენ პასუხს; 

- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს არ უსარგებლია ინფორმაციის მოთხოვნისა და თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე დაბარების მექანიზმით, არ შეუქმნია თემატური მოკვლევის ჯგუფი; 

- სამთავრობო პროგრამა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ღიად ტოვებს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობისა და მოდერნიზების შესახებ ხედვას, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვის სამსახური და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო; 

- მინისტრის საათის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ნაკლებად სვამენ კრიტიკულ კითხვებს და, ძირითადად, მადლიერებას გამოხატავენ ანგარიშვალ დებული მინისტრის მიმართ. 

კვლევის მიგნებების პრეზენტაცია გაიმართა 2023 წლის 16 მაისს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“. საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მისასალმებელ სიტყვაში სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას გაუსვა ხაზი: „საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს გარანტი ამ პრინციპების განმტკიცებისთვის. შეუძლებელია დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობის გარეშე”. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა - გიორგი ალავერდაშვილმა და ნინო კაპანაძემ - ისაუბრეს კვლევის მთავარ მიგნებებზე. 

კვლევა მომზადდა პროექტის „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია “ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა დადანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის მიერ. 

პროექტი მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან პრაქტიკის შესაბამისობას ანალიზის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ინტენსიური პროგრამების განხორციელების გზით. 

საიამ ჩაატარა პარლამენტის საზედამხედველო ყველა მექანიზმის მონიტორინგი, რომლებიც გამოიყენება როგორც პლენარულ ისე საკომიტეტო სხდომებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სპეციალური მექანიზმებით უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობაზე. 

კვლევის პერიოდი მოიცავს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობას 2021 წლის საშემოდგომო და 2022 წლის სესიების განმავლობაში. 

იხილეთ კვლევა