სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან, ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულების ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე 14 წელია იცავს.
ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, 2008 წლიდან დღემდე არ ეძლევა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ სოფლებში დაბრუნების შესაძლებლობა. მათი სახლები, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სახლების გადაწვის პოლიტიკის შედეგად, სრულად განადგურებულია. პირებმა, რომელთა ინტერესებსაც საიას იცავს, 2008 წლიდან დაკარგეს შემოსავლის ძირითადი წყარო, მიწის ნაკვეთებიდან მიღებული მოსავლის სახით. საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად ისინი დღემდე მოწყვეტილები არიან მშობლიურ გარემოსა და ტრადიციულ საქმიანობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები 2008-2009 წლებში გაიგზავნა. სტრასბურგის სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის საქმეზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარე ბუფერულ ზონაში ჩადენილი ქმედებები, რუსული სამხედრო ძალებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ადგილობრივი დე-ფაქტოადმინისტრაციის კონტროლის გამო, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას მიაკუთვნა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა დაადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის 7-12 აგვისტოს დროის მონაკვეთთან დაკავშირებული საჩივრების ძირითადი ნაწილი დაუშვებლად ცნო.
2021 წლის 19 ოქტომბერს სასამართლომ ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით განმარტა, რომ გააგრძელებდა საკითხის განხილვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების, ასევე, პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების დაცვა) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 (მიმოსვლის თავისუფლება) მუხლებთან დაკავშირებით.
2022 წლის 14 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ საიას წერილობით აცნობა, რომ რუსეთის ფედერაციას მითითებულ საქმეებზე პოზიცია არ წარმოუდგენია. მიუხედავად ამისა, საიამ 2023 წლის 28 თებერვალს სტრასბურგის სასამართლოში 84 მომჩივანთან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია წარადგინა. პოზიციაში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მომჩივნების სახლების გადაწვა ეთნიკური დისკრიმინაციის გამოვლინების ფორმას წარმოადგენდა. თითოეული განმცხადებლის სოფელი და საცხოვრებელი განადგურდა იმიტომ, რომ ისინი დასახლებული იყო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობით. ინდივიდუალურ საქმეებში მესამე მხარედ ჩართულია საქართველო. სასამართლოს ასევე, დამატებით წარედგინა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დღევანდელი მდგომარეობით იგი გარიცხულია ევროპის საბჭოდან, საიამ და პარტნიორმა ორგანიზაციამ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის თხოვნითაც მიმართეს.
გააზიარე: