სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართა

2014-06-30 16:35
Featured image

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საიას დამკვირვებლებმა თბილისის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე ( ვაკის  61-ე, მე-3, 30-ე , 23-ე, 59-ე  80-ე, 36-ე  და საბურთალოს 56-ე, 57-ე და 59-ე უბანი) დააფიქსირეს გარკველ პირთა ჯგუფების მობილიზება, რომლებიც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, საეჭვო სახის დოკუმენტში, კონფიდენციალობის დაცვით,  უბანზე მისულ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციის ასახავდნენ. 

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ვაკის N61 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზეც. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, უბნის გარეთ მყოფი პირები აქტიურად თანამშრომლობდნენ უშუალოდ კენჭისყრის ოთახში, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირებთან. ვაკის N61 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ენძელა მაღლაფერიძის განმარტებით, ეს პირები საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იყვნენ.
 
მოგვიანებით, ჩვენმა დამკვირვებელმა ვაკის N61 უბანზე, შემთხვევით აღმოაჩინა დოკუმენტი, სადაც აღნიშნული პირები ამომრჩეველთა შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ინიშნავდნენ. დოკუმენტი შეიცავს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო უბანზე მოსული ქართული ოცნების მომხრე ამომრჩევლების შესახებ შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ, ინსტრუქცია განკუთვნილი იყო „გარეთ მყოფი მეკავშირეებისათვის“, რომლებსაც არჩევნების დღის განმავლობაში პერიოდულობით (10:00; 12:00; 14:00; 17:00; 20:00 საათებზე), ნომერზე- 90031, მოკლეტექსტური შეტყობინების სახით უნდა გაეგზავნათ ინფორმაცია საარჩევნო უბანზე მისულ მომხრე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, ინფორმაციის გაგზავნას ე.წ. მოკავშირეები უფასოდ განახორციელებდნენ.
 
,,გარე მოკავშირეთათვის" საარჩევნო სუბიექტის მიერ უფასოდ შეთავაზებული მომსახურება, ასახული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის მიერ აუდიტის სამსახურისათვის წარდგენილ დეკლარაციის ფორმებში.
 
აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშის ფორმით ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევის ფაქტი არ დგინდება. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სუბიექტისა და ე.წ. ,,გარე მოკავშირეებისათვის" ზემოაღნიშნული სატელეფონო ნომრით სარგებლობა უფასო იყო, ,,მოქალაქეთა  პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ეს წარმოადგენს შემოწირულობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეღო შემოწირულობის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
 
საიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია საარჩევნო ბლოკი  „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულობებთან დაკავშირებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული დოკუმენტებით არ დგინდება უფასო სატელეფონო კავშირით სარგებლობის შემოწირულობის სახით კანონით დადგენილი წესით მიღების ფაქტი.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხრიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, რადგან მითითებული მომსახურება არ ჩანს არც საარჩევნო სუბიექტის ხარჯებში და არც იმ დოკუმენტებში, რომელიც შემოწირულობას ასახავს.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით  და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.