სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა

2010-04-26 15:34
Featured image

2010 წლის 26 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,სასამართლოს მეგობრის” (Amicus Curiae) სტატუსით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. ეს უკანასკნელი შეეხება 2008 წლის დეკემბერში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტის მიმართ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელს. საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის იმ ნორმების კონსტიტუციის 24-ე მუხლის (მედიის თავისუფლება) პირველ და მეოთხე პუნქტებთან შესაბამისობის დადგენას, რომლებიც ითვალისწინებენ კაბელური და მიწისზედა თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობის ლიცენზირებას.

საია იზიარებს მოსარჩელის - საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზირება არაკონსტიტუციურია და არ უნდა ექვემდებარებოდეს იმავე სამართლებრივ რეჟიმს, როგორსაც საეთერო ანუ სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებელი მედია ექვემდებარება.

სიხშირული სპექტრი ბუნებრივად ამოწურვადი რესურსია. ეს გარემოება ავალდებულებს სახელმწიფოს ლიცენზირების სისტემის მეშვეობით განსაზღვრული პრიორიტეტების დაცვით გაანაწილოს სიხშირული სპექტრი მედია საშუალებებს შორის. ამგვარი პრიორიტეტიზაცია ყოველგვარ აზრს მოკლებულია საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლების შემთხვევაში. საკაბელო და მიწისზედა თანამგზავრი არ წარმოადგენს ბუნებრივად ამოწურვად რესურსს. ეს უკანასკნელი იძლევა ასობით სხვადასხვა თემატური კონცეფციის მქონე სატელევიზიო და რადიო სადგურის გადაცემის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებელების ლიცენზირების სისტემისათვის დაქვემდებარება ისევე გაუმართლებელია, როგორც ეს ინტერნეტ-მედიის შემთხვევაში ხდება.

საია თავის წერილობით მოსაზრებაში მიუთითებს ,,კერძო ტელევიზიის შესახებ” ავსტრიის კანონზე, სადაც ლიცენზირების ნაცვლად კაბელური ქსელით მაუწყებლისათვის დაწესებულია საქმიანობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შეტყობინების ინსტიტუტი.