სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძის წამებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

2010-04-12 11:43
Featured image
2010 წლის 8 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა კიდევ ერთი ახალი სარჩელი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. აღნიშნული სარჩელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი და ოსი სამხედრო პირების მიერ ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და შემდგომში მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტს შეეხება.

გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონში მსახურობდა. 2008 წლის 9 აგვისტოს ქ. ცხინვალში შეტაკებების შემდეგ გიორგი ანწუხელიძე თითქმის 5 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის 12 დეკემბრის ბიოლოგიურ-გენეტიკურმა (დნმ) ექსპერტიზამ მოახდინა გიორგი ანწუხელიძის გვამის იდენტიფიცირება. გიორგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

2009 წლის იანვრის თვეში ინტერნეტით გავრცელდა ორი სხვადასხვა ვიდეო რგოლი, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემენ და აწამებენ ოსი და რუსი სამხედროები ქართველ სამხედროს. აღნიშნულ სამხედროში გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებმა გიორგი ამოიცნეს.

სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საქმეში განმცხადებლებს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი წარმოადგენენ. მათი სახელით საია ასაჩივრებს ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას. ამასთან, საია ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ კონვენციის ზემოხსენებული მუხლების დარღვევა გიორგი ანწუხელიძისა და განმცხადებლების მიმართ განპირობებული იყო მათი ეთნიკური წარმოშობითა და საქართველოს მოქალაქეობით, რაც არღვევს კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) მოთხოვნებს.