სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონის პროექტზე დასკვნა წარადგინა

2010-10-05 09:31
Featured image

2010 წლის 3 სექტემბერს პარლამენტის წევრების, ლაშა თორდიას, კახაბერ ანჯაფარიძის და პავლე კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ”. კანონპროექტი პრინციპების დონეზე გვთავაზობს პირადი მონაცემების დამუშავების საფუძვლებს.

იგი თანაბრად ეხება როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე კერძო პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

საიას მიაჩნია, რომ თავისთავად კანონპროექტის შემუშავება წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს აღნიშნული სფეროს დარეგულირების თვალსაზრისით, თუმცა არსებული რედაქციით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფის საფრთხეს.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას არსებული რეგულაციების შესუსტება და არსებული ბუნდოვანი ჩანაწერის პირობებში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საფრთხის ქვეშ დაყენება.