სიახლეები
ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტების მიხედვით, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს მაჟორიტარი წევრი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს. შესაბამისად, საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობა აღარ იქნება საჭირო.
საიას მოსაზრებით, წარმოდგენილი ინიციატივა შეიცავს არაერთ სამართლებრივ ხარვეზს; ის აუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, დისკრიმინაციული მიდგომების გამოყენებით ხელს უშლის მუნიციპალურ დონეზე პოლიტიკურ კონსენსუსზე დამყარებული წარმომადგენლობითი დემოკრატიის განხორციელებას, ასუსტებს პოლიტიკური დეცენტრალიზაციის სტანდარტს, ამასთან, ემსახურება ცალმხრივი პარტიული მიზნების მიღწევას და კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა საქმიანობის დაწყების მხრივ კანონმდებლობაში ამკვიდრებს არაერთგვაროვან მიდგომას.
საია მოუწოდებს პარლამენტს, კანონმდებლობის ცვლილებების ინსტრუმენტი არ გამოიყენოს თვითნებურად, მხოლოდ ცალმხრივი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კრიზისი გადაჭრას არა დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი ინიციატივებით, არამედ ამომრჩეველთა ნების რეალიზაციაზე ორიენტირებული, დროებითი ანტიკრიზისული ნორმებით.
იხილეთ სრული დასკვნა
გააზიარე: