GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

28 აპრილი, 2021

2021 წლის 28 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (‘საია’) გამართა კვლევის - „პრემიერი - სუვერენი“ - ონლაინ პრეზენტაცია.

კვლევა შეეხება საქართველოში კოვიდ-19-თან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მის თანამდევ შედეგებს. კვლევამ გამოავლინა, რომ ამ პროცესს ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია. 

- კვლევა კრიტიკულად უყურებს საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის ინერტულ პოზიციას და საკანონმდებლო კომპეტენციის მთავრობაზე დელეგირებას;

- დოკუმენტი აფასებს საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული აქტების ფორმალურ-სამართლებრივ კანონიერებას, მათ შორის, განჭვრეტადობის პრინციპს, რადგან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტს გააჩნდა, სწორედ ბუნდოვანება იყო;

- ნაშრომის მიხედვით, პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთელი ნორმათშემოქმედებითი უფლებამოსილების მთავრობისთვის გადაცემით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ამ კრიზისის დროს ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული ზომების დიდი ნაწილის კანონიერება;

- კვლევა კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების ორგანოების ქმედებებს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ადამიანის უფლებების ჭრილში;

- კვლევაში ასევე მიმოხილულია დეროგაციის საერთაშორისო სტანდარტები, გაანალიზებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებებიდან გადახვევის მართებულობა. საქართველომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას ეს შესაძლებლობა გამოიყენა, თუმცა პრობლემური იყო მისი დასრულების შემდეგ დეროგაციის გაგრძელების საკითხი;

- დოკუმენტში განხილულია საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდულ ცალკეულ უფლებებთან დაკავშირებული ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა: (1) იზოლაციისა და კარანტინის წესების შესაბამისობა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან; (2) შეკრების თავისუფლებაზე დაწესებული აკრძალვები; (3) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გარემოს დაცვის საკითხებზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი შეზღუდვები; (4) პრეზიდენტის დეკრეტით, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობების დაწესება;

- ცალკე თავი ეძღვნება საგანგებო მდგომარეობის რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობას. აქ გაანალიზებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც განისაზღვრა საგანგებო მდგომარეობისას მოქმედი რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობები.

ნაშრომი შედგება ორი ნაწილისგან და განიხილავს საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. პირველი ეხება პრეზიდენტის ბრძანებისა და დეკრეტის მიღების პროცედურებს, პარლამენტის პასიურ როლსა და კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მთავრობისთვის უფლებამოსილებების გაზრდას. მეორე - ძირითად აქცენტს აკეთებს საერთაშორისო აქტებიდან დეროგაციის, შეზღუდული უფლებების, დაწესებული სანქციებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზზე.

კვლევაზე იმუშავა საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის და ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამამ. 

იხილეთ კვლევა

სხვა სიახლეები