სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ევროპულ სასამართლოში განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხული საჩივრების აღდგენის მოთხოვნით საქართველოდან პირველი საჩივარი გაგზავნა

2018-01-23 11:21
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2018 წლის 23 იანვარს ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა, რომელიც საიას წარმოებაში არსებულ  4 საქმეზე (თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) ამავე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების აღუსრულებლობას შეეხება. კერძოდ, 2010 და 2014 წლებში საიამ ევროპულ სასამართლოს სხვადასხვა საჩივრით მიმართა, რომლებშიც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულების: აქციის მონაწილეების, სახალხო დამცველის წარმომადგენლის და ჟურნალისტების, ასევე #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, კ. თ.-ის დედის ინტერესებს წარმოვადგენდით.

აღნიშნულ საჩივრებთან მიმართებით, 2015 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ სასამართლოს ცალმხრივი დეკლარაციები წარუდგინა. დეკლარაციის ფარგლებში სახელმწიფომ მომჩივნების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევა, მათ შორის, ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობა აღიარა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან მომჩივანთა მიმართ განხორციელებული დარღვევების ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო. ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის პირობების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საიას მიერ წარდგენილი საჩივრები აღარ საჭიროებდა შემდგომ განხილვას და შესაბამისი განჩინებებით ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. მიღებულ განჩინებებში სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ შეასრულებდა ცალმხრივი დეკლარაციით აღებულ ვალდებულებებს, მომჩივნებს შესაძლებლობა ჰქონდათ ევროპული სასამართლოსთვის მათი საქმეების განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგენის მოთხოვნით მიემართათ.

საია, 2015 წლიდან დღემდე, ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული განჩინებების აღსრულებას აქტიურად აკვირდება.  სასამართლოს  მიერ მიღებული განჩინებების საფუძველზე, მომჩივანთა მიმართ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციით ვალდებულების აღებიდან 2 წელზე მეტი გავიდა, გამოძიება დღემდე გრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მომჩივანთა უმეტეს ნაწილს, მათი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ და სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა არ გააჩნიათ. ევროპული სასამართლოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ, საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირთა უმრავლესობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული მიმდინარე გამოძიების თაობაზე. ამასთან, მომჩივანთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არ ჩაუტარებიათ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები.

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ  საჩივარში ასაბუთებს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა ცალმხრივი დეკლარაციით აღებული ვალდებულება - ეწარმოებინა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან მომჩივანთა მიმართ განხორციელებული დარღვევების სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება - და შესაბამისად,  საჩივრების აღდგენას და მათ არსებით განხილვას ითხოვს.

საიას ეს საჩივარი საქართველოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე, პირველი კომუნიკაციაა რომელსაც ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით განიხილავს. ამავდროულად, საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საქმე დამატებით  ადასტურებს საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებით აღჭურვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებას. მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქნება სამართალდამცავი ორგანოების სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების გარანტი.