სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

2023-05-08 10:27
Featured image

2023 წლის 21 აპრილს, საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC), ერთად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობაა შეფასებული.

მინისტრთა კომიტეტი ამჟამად ცინცაბაძის ჯგუფის ფარგლებში ზედამხედველობს საქართველოს წინააღმდეგ არსებულ 20-ზე მეტ საქმეს, მათ შორის, არის საიას წარმოებაში არსებული 5 საქმე: „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“. მოცემული საქმეები მომჩივნების სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არასათანადო მოპყრობას და აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობას ეხება.

 

მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენილ წერილობით მოსაზრებაში საიამ ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებთან მიმართებით საჭირო ზოგადი ღონისძიებები შეაფასა.

წერილობითი მოსაზრება მოიცავს ეროვნულ დონეზე არსებულ ისეთ მნიშვნელოვან ხარვეზებს როგორებიცაა:

·      - პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება;

·      - სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის ჩართვასთან დაკავშირებული ხარვეზები, მათ შორის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და დაზარალებულის მხრიდან საგამოძიებო პროცესის დაკვირვებასთან დაკავშირებული გამოწვევები;

·      - წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის სამართლებრივი გარანტიების არარსებობა. 

დოკუმენტი მოიცავს საქართველოს მხრიდან ზოგადი ვალდებულებების შესასრულებლად გაცემულ არაერთს რეკომენდაცია, მათ შორის:

- დროულად განხორციელდეს ყველა საჭირო ზომა კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შესამცირებლად და პენიტენციურ დაწესებულებებში „არაფორმალური მმართველობის“ დასაძლევად, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ამ მიზნით საჭიროა, შემუშავდეს გეგმა და სტრატეგია, რომელიც გაითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. ასევე, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს პენიტენციურ დაწესებულებათა თანამშრომელების რაოდენობა და მოხდეს მათი უზრუნველყოფა სათანადო უწყვეტი განათლებით, პროფესიული ცნობიერების ასამაღლებლად;

- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ნორმების არასწორ განმარტებას და დაზარალებულისთვის სტატუსის მინიჭებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმას;

- ხელისუფლებამ უზრუნველყოს დაზარალებულთათვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმის მასალებზე სათანადო წვდომა. ეს, ასევე, უნდა მოიცავდეს პროკურორის დადგენილების გასაჩივრების უფლებასაც; 

- სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დანაშაულის მსხვერპლები სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებით, როგორც ეს განმარტებული აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, და არ შეზღუდოს ისინი მხოლოდ საგამოძიებო დაწესებულებაში მასალების გაცნობით;

- სახელმწიფომ განახორციელოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ურთიერთობის ელექტრონულ ჩაწერას. მათ შორის, საქართველომ უნდა გააუმჯობესოს მომეტებული რისკის დაწესებულებებში სათანადო ინფრასტრუქტურის განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში ჯეროვან ვიდეო გადაღებასა და ჩაწერას;

- სახელმწიფომ აწარმოოს სასამართლოსგან, პროკურატურისგან, საგამოძიებო ორგანოებისგან, პენიტენციური და ყველა სათანადო დაწესებულებიდან იმ სტატისტიკური და შინაარსობრივი ინფორმაციის დამუშავება, შეგროვება და აღრიცხვა, რომელიც დაკავშირებულია ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლებით (წამების აკრძალვა) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან.

 

ამ საქმეების აღსრულების მონიტორინგს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.