GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 აგვისტო, 2023

 

საია, ორგანიზებული ძალადობის შედეგად, 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) ინტერესების დაცვას საერთაშორისო დონეზე აგრძელებს. 

საიამ 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა, რომელიც პასუხობს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს და აფასებს მათზე სახელმწიფოს მიერ 2023 წლის 23 ივნისს წარდგენილ შეპასუხებას. 

საქმე შეეხება  ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას. ხსენებულ უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, 2022 წლის 4 ნოემბერს ამოქმედდა, მას შემდგომ რაც, საიამ მედია წარმომადგენლების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წელზე მეტი დრო გავიდა და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები საჯარო და სრულიად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, სახელმწიფო დღემდე არ აპირებს დანაშაულის ორგანიზატორი პირების დასჯას ჩადენილი დანაშაულის გამო.

დაზარალებულებს დღემდე შეზღუდული აქვთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებული უფლებები და სრულყოფილად არ ხდება მათ მოთხოვნებზე რეაგირება. ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირები, ისევე როგორც ორგანიზატორები,  კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია.

ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებისა, სახელმწიფო სიძულვილის ჯგუფების მიმართ კვლავ შემწყნარებლურ პოლიტიკას ატარებს, რაც მათ შორის, გამოიხატა 2023 წლის 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებში, რა დროსაც ამ საქმის ერთ-ერთი მომჩივანი კვლავ გახდა სიძულვილის ჯგუფების წარმომადგენელთა სამიზნე.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვა 2023 წლის 17 იანვარს დაიწყო.

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

 

სხვა სიახლეები