სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისია, შუალედური ანგარიში და სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის პროექტი წარადგინა

2024-08-13 13:47
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა განახლებული მეთოდოლოგია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველი შუალედური ანგარიში და პროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს ითვალისწინებს. 

საიას სადამკვირვებლო მისია მოიცავს წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩვნების შემდგომ პერიოდებს. მონიტორები დეტალურად აკვირდებიან პოლიტიკურ კონტექსტს, მედიაგარემოს, სიძულვილის ენის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსების განაწილებას. ასევე, საია ყურადღებით აკვირდება „რუსული კანონის“ შესაძლო გავლენას სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე.  

არჩევნების დღეს საიას 600 დამკვირვებელი დააკვირდება ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე საარჩევნო უბანს და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ საია აღრიცხავს ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმს და დისბალანსის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვს შესაბამის რეაგირებას. Საია ასევე სხვა საარჩევნო დარღვევების აღმოშენის შემთხვევაშიც სამართლებრივი გზით იდავებს.  

 

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 

პირველი შუალედური ანგარიში 2024 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს და ისეთ მნიშვნელოვან ტენდენციებს ასახავს, რომლებიც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე გავლენას ახდენენ. ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია: 

- პოლარიზაციის გაღრმავება: ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის “რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.  

- სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია: სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართულმა და სისტემურმა მადისკრედიტირებელმა კამპანიებმა გააუარესა გარემო და ზიანი მიაყენა დემოკრატიული პროცესების განვითარებას. 

- მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა: ანგარიშში ასევე აღნიშნულია საკონანმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შეზღუდვას, მათ შორის უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული კვოტირების გაუქმება. 

- ცესკოს ფორმირების წესის ცვლილება: საგანგაშოა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების და გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილებების შესაძლო გავლენა საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობაზე. 

- მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარიზმის ნიშნების დაბრუნება: დელეგატობის ინსტიტუტის შემოღებით მმართველი პარტია ცდილობს პროპორციული არჩევნების პირობებში მაჟორიტარიზმის ნიშნების დაბრუნებას, რაც კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების, წინასაარჩევნო კამპანიის, პარტიული შტაბის ლოგიკისა და პრიორიტეტების ცვლილებას იწვევს და საარჩევნო მარათონს კვლავ მაჟორიტარული არჩევნების ლოგიკასთან აახლოებს.  

- ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება: საარჩევნო წელს გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები. კერძოდ, მმართველი პარტიის მიერ “რუსული კანონის” კანონის მხარდასაჭერ აქციაზე წამოსასვლელად ხდებოდა სახელმწიფო და თვითმმართველობის დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა  მიმართ მოწოდებები; თელავში პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრებისას, სამუშაო საათებში დაფიქსირდა შსს-ისა და მუნიციპალურ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების დასწრების ფაქტი. მათი მხრიდან მიმდინარეობდა პარტიის სააგიტაციო მოწოდებებიც. 

- სოციალური პროგრამების განხორციელება: საანგარიშო პერიოდში საგანგაშოდ გაიზარდა მთავრობის მიერ სხვადასხვა სოციალური პროგრამების გამოცხადების შემთხვევები, მათ შორის მასშტაბური ამნისტია პატიმრებისთვის, ფინანსური ვალდებულებების ჩამოწერა, სახელფასო მატება მასწავლებლებსა და საჯარო მოხელეებზე, საშტატო კადრების ზრდა და ინფრაქსტრუქტურული პროექტების დასრულება.  

საიამ ასევე წარადგინა პროექტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს ითვალისწინებს. პროექტი დაფარავს ისეთ საქმეებს, როგორიცაა “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების დევნის ფაქტები და გამოხატვის თავისუფლების საკითხები.  

იხილეთ ანგარიში