სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საკუთარ დასკვნას აქვეყნებს

2010-07-29 07:07
Featured image

2010 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელითაც მანდატურებს მიენიჭათ პირადი გასინჯვის (ჩხრეკის), ასევე ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კრიტიკულად შეაფასა აღნიშნული ცვლილებები და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა და მხოლოდ არსებული ხარვეზებისა და მოსალოდნელი საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ განეახლებინა მისი მიღების პროცესი.

სამწუხაროდ, კანონპროექტი სამი მოსმენით იქნა მიღებული. საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  პარლამენტს საშემოდგომო სესიის განახლებასთან ერთად კანონის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად საკანონმდებლო წინადადებებს წარუდგენს.

საიამ მოამზადა დასკვნა და საკანონმდებლო წინადადება აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით (იხილეთ ბმული), სადაც ზუსტად არის დადგენილი პირადი გასინჯვის ფარგლები, მანდატურების მიერ ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვებია დაწესებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოთავაზებულია დაცვის პროცედურული გარანტიები პირადი გასინჯვის ან ძალის გამოყენებისას მანდატურის სამსახურებრივი გადაცდომის შემთხვევაში.

იხილეთ საიას მიერ მომზადებული დასკვნა.